ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის უნივერსიტეტში ექვსი ადამიანი მოკლეს


რუსეთის ქალაქ პერმის უნივერსიტეტში სანადირო შაშხანით შეიარაღებულმა სტუდენტმა ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელმა, სულ მცირე, ექვსი ადამიანი მოკლა და ბევრი დაჭრა.

ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს პანიკაში მყოფი სტუდენტები, რომლებიც თავის გადასარჩენად, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის პირველი სართულიდან ხტებიან, მიწაზე მძიმედ ეცემიან და გარბიან.

ტუდენტმა სემიონ კარიაკინმა სააგენტო როიტერს უთხრა: “აუდიტორიაში დაახლოებით 60 ადამიანი ვიყავით. კარი ჩავკეტეთ და სკამების ბარიკადით გავამაგრეთ”.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევისას, შეიარაღებული სტუდენტი დაიჭრა და ახლა საავადმყოფოში სამედიცინო დახმარებას უწევენ.

უნივერსიტეტის პრეს-მდივანმა ნატალია პეჩიშჩევამ თავდაპირველად თქვა, რომ მსროლელის “ლიკვიდაცია” მოხდა, მაგრამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ის პოლიციის მეურვეობაში იმყოფებოდა. ადგილზე ჩაწერილ ვიდეოში, უნივერსიტეტის წინ, მიწაზე მისი სხეული ჩანდა.

ადგილობრივმა მედიამ დაადგინა, რომ თავდამსხმელი 18 წლის სტუდენტი იყო, რომელმაც სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც შაშხანით პოზიორობდა. ფოტოს დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელი იყო.

სოციალურ მედიაში, მის ანგარიშზე, რომელიც მოგვიანებით გათიშეს, გამოქვეყნებული იყო ტექსტი: “დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდი და მივხვდი, რომ დადგა დრო გავაკეთო ის, რაზეც ვოცნებობდი”. სავარაუდოდ ეს მიანიშნებდა, რომ მისი ქმედება არ იყო დაკავშირებული პოლიტიკასთან ან რელიგიასთან და მხოლოდ სიძულვილით იყო მოტივირებული.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა თქვა, რომ ეჭვმიტანილი გლუვლულიანი სანადირო თოფიდან ისროდა. მედია ციტირებდა ოფიციალურ პირებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეჭვმიტანილს მილოვანი მჭიდის მქონე, ხელით გადასატენი გლუვლულიანი იარაღის ქონის ნებართვა ჰქონდა, თუმცა ნათელი არ იყო ის ამ იარაღს თუ იყენებდა.

რუსეთში სამოქალაქო მოსახლეობისთვის ცეცხლსასროლი იარაღი მკაცრად არის შეზღუდული, თუმცა სანადიროდ, თავდაცვისთვის და სპორტისთვის, ზოგიერთი კატეგორიის იარაღის შეძენა ნებადართულია.

მაისში, ქალაქ ყაზანში, შეიარაღებულმა მოზარდმა ცეცხლი გახსნა სკოლაში, სადაც ცხრა ადამიანი მოკლა და ათობით მოსწავლე დაჭრა.

ყველაზე მეტი მსხვერპლი კი მოჰყვა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის სკოლაში 2018 წელს მომხდარ სროლას, სადაც სტუდენტმა 20 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG