ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სილიკონის სანაპიროს პოპულარობის საიდუმლო


ახალი ტენდენცია ამერიკის მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში

სან ფრანცისკოსთან მდებარე სილიკონის ველი მაღალტექნოლოგიური კომპანიების სათაო ოფისებით არის სახელგანთქმული. მათ შორის ყველასთვის კარგად ცნობილი „გუგლი“ და „ფეისბუქიც“ არიან. თუმცა, ამ ბოლო დროს კომპიუტერის და სხვა უმაღლესი ტექნოლოგიების ახალი ფირმები ბიზნესის დაწყებას ლოს ანჯელესის დასავლეთით მდებარე სილიკონის სანაპიროზე ამჯობინებენ.

მათ შორისაა ინტერნეტ კომპანია „ჯიბ-ჯაბი“, რომელიც მომხმარებლებს პერსონალური ელექტრონული ბარათების შექმნას და გაგზავნას სთავაზობს. „ჯიბ-ჯაბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გრეგ სპირიდელისი, ნიუ იორკიდან კალიფორნიაში 10 წლის წინ გადავიდა, როდესაც მისი ფირმა ე.წ. „დოტ-კომ ბუმმა“, ანუ ინტერნეტ-ბიზნესების ძლიერმა ტალღამ შთანთქა. გრეგ სპირიდელისმა ლოს ანჯელესში ახალი, წარმატებული კომპანია დააფუძნა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული



„ნაპირიდან ფეხით სავალ მანძილზე ვართ. ტემპერატურა აქ მუდმივად 22 გრადუსია და თან ყოველდღე მზიანი ამინდი გვაქვს. თუმცა, ლოს ანჯელესში ამინდის, ან ტექნოლოგიური კომპანიების გამო არ გადმოვსულვართ. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანებს ვეძებდით და ისინი აქ მრავლად არიან“ - ამბობს ის.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი, აშიშ სონი ამბობს, რომ დაახლოებით 4 წლის წინ ლოს ანჯელესის ნაპირებზე ახალი ტენოლოგიების მწარმოებელი კომპანიები სოკოებივით მომრავლდა.

უმუშევრობამ და 2008-2009 წლების ეკონომიკამაც დიდი როლი ითამაშა. უამრავი ადამიანი იძულებული გახდა ტრადიციულ კორპორატიულ კარიერაზე უარი ეთქვა და ახალი ბილიკების გაკვალვა დაეწყო“ - აღნიშნავს ის.

მოხდა ისე, რომ ახალი კომპანიების დიდი უმრავლესობა კალიფორნიის სანაპირო ზოლზე -სანტა მონიკიდან ვენეციამდე- გაიხსნა და სწორედ ამ ნაწილს უწოდებენ სილიკონის სანაპიროს. ეს სახელი გრეგ სპირიდელისს არ მოსწონს, ვინაიდან სილიკონმა უკანასკნელ წლებში ერთგვარი ხელოვნურობის, სიყალბის კონტექსტი შეიძინა.

ერთადერთი სილიკონი, რასაც ამ ნაპირებზე ნახავთ, უმეტესად ადამიანის სახეზე, ან მის სხეულზეა. არ მესმის, რა საჭიროა ეს ახალი ბრენდი“ - ხუმრობს ის.

კომპანია „რასტიკ კანიონი“ სანტა მონიკაში დაფუძნდა. მისი მმართველი პარტნიორი, ნეით რედმონდი ამბობს, რომ ლოს ანჯელესის რეგიონი უფრო მოსახერხებელია და ბევრი ნიშნით არის უნიკალური, ვიდრე მისი ჩრდილოელი კონკურენტი, სან ფრანცისკოსთან მდებარე სილიკონის ველი.

გასაგებია უკვე დამკვიდრებული ტრადიციების დაცვის სურვილი, მაგრამ არა მგონია დამწყები ბიზნესმენებისთვის შეზღუდვების დაწესება სწორი იყოს. ისინი ხომ საზოგადოებაში ერთგვარ ეკოსისტემას ქმნიან, რომელიც რეგიონში ბუნებრივად უნდა განვითარდეს და დამკვიდრდეს“ - აღნიშნავს ის.

დამწყები ბიზნესმენები სილიკონის სანაპიროს კიდევ ერთ უპირატესობაზე საუბრობენ. ეს მისი ჰოლივუდთან სიახლოვეა. ჰოლივუდის სპეცეფექტების უმრავლესობა იქვე მდებარე კალიფორნიის ქალაქ ვენეციაში იქმნება. ბეტ ობრაიანი ტექნოლოგიური კომპანიის „ვიდის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. „ვიდი“ მომხმარებელს სპეციალურ კომპიუტერულ მომსახურებას სთავაზობს, რომელიც მას ვიდეოკლიპის შექმნაში, სრულყოფაში და გავრცელებაში ეხმარება.

ბეტის თქმით, ყველაზე ნიჭიერი რეჟისორების, პროდიუსერების და ოპერატორების უმრავლესობა სწორედ იქ, ვენეციაში მუშაობს.

კომპანია „ვიდი“ ერთი წლისაც არაა და დღეს უკვე 38 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. და ამ წარმატებას ბეტ ობრაიანი სწორედ ჰოლივუდთან სიახლოვეს და მისი მომსახურების ცნობილი ვარსკვლავების მიერ გამოყენებას უმადლის.

ნეით რედმონდს კომპანიიდან „რასტიკ კანიონი“ შთამბეჭდავი სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს:

„2011 წელს ლოს ანჯელესის დამწყებ ბიზნესებში ინვესტირებული თანხა ბოლო 10 წლის ინვესტიციებს ერთად აღებულს აღემატება“ - ამბობს ის და დასძენს, რომ უკანასკნელი 18 თვის მანძილზე გააქტიურებული კაპიტალდაბანდებები 2012 წლის იანვრის შემდეგ კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ახალი კომპანიების უმეტესობა საქმიანობას ინტერნეტზე ეწევა, ან მათ ემსახურება.

ანალიტიკოსების აზრით, მართალია სილიკონის ველი უმაღლეს ტექნოლოგიებში ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ ლოს ანჯელესის და კერძოდ, სილიკონის სანაპიროს სახით მას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
XS
SM
MD
LG