ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“sHEROes” – ქალები ომის კულისებიდან


ომის ქალი გმირების შესახებ ფოტო–წიგნი “sHEROes” სალომე ბენიძემ და დინა ოგანოვამ შექმნეს. რამდენიმე თვის მანძილზე ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მათ რამდენიმე ათეული ქალის ისტორია ჩაწერეს, ამბების გმირები კი ფოტოებზე აღბეჭდეს.

მთავარი გმირები არიან განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა, ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები - შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.

პრეზენტაციას წიგნის ერთ–ერთი გმირი, ერგნეთის მკვიდრი ლილი კასრაძეც დაესწრო. ომის პერიოდში მან ოჯახის წევრი დაკარგა: „ინსულტი გადავიტანე, მიჭირს ლაპარაკი, მინდა ფერფლი წავაყარო ყველაფერ ცუდს, რაც ჩემმა გულმა განიცადა, მაგრამ არ შემიძლია, ჩემი ფიქრებიდან არ გადადის ის უბედური დღეები და ის ცუდი მოგონებები. ღმერთო, ყველა დაიფარე და ამის მერე მშვიდობა იყოს. ოსსაც და ქართველსა ისე მეგობრულად ეცხოვროთ, როგორც ადრე, როდესაც არ არსებობდა გარჩევა ეროვნების გამო. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ მეც არ მეყოლებოდა ოსი ქმარი.“

სალომემ და დინამ წიგნი პირველად ერგნეთში, ლია ჩლაჩიძის მიერ დაარსებულ ომის მუზეუმში წარუდგინეს საზოგადოებას. მათ შორის წიგნის გმირებიც არიან. პრეზენტაცია უკიდურესად ემოციურად წარიმართა. ცრემლების თანხლებით და აქცენტებით მშვიდობის აუცილებლობაზე იმის მიუხედავად, რამდენად მძიმე იყო ომის ტრავმა თითოეული ოჯახისთვის.

„ოცი წელიწადი ომში ვიყავით, სულ სროლები იყო, ბავშვები შეშინებულები გვყავდნენ. ხან გავხიზნავდით, წავიყვანდით, დაწყნარდებოდა სიტუაცია – მოვიყვანდით, მაგრამ ეს, ბოლოს რაც მოხდა, ამას ვერავინ წარმოვიდგენდით. 2008–ში სახლის კარი დავკეტე და იმ იმედით წავედი, რომ დავბრუნდებოდი, რომ მოვიდოდი და დამხვდებოდა ჩემი სახლი და ჩემი სოფელი, მაგრამ... რომ მოვედი და ჩემს სახლს შევხედე, მე არ ვიცოდი, თუ დამწვარი იყო. ვერავინ მეუბნებოდა. თურმე, ვერ მეუბნებოდნენ. დაჩოქილი ვეხვეწებოდი ღმერთს, ამას რატომ მომასწარი–მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია. ჩვენ მომავლის იმედი გვაქვს. ღმერთს ვთხოვ, სიკეთე გვქონდეს და ბედნიერება,“– ამბობს ერგნეთის მკვიდრი რუსუდან გაგნიძე.

რვა აგვისტოს რვა საათზე წიგნი და გამოფენა გორელი აუდიტორიის წინაშე წარადგინეს.

სალომემ და დინამ ამერიკის ხმასთან საკუთარი ნამუშევრისა და განწყობების თაობაზე პრეზენტაციის შემდგომ ისაუბრეს. „რაც უფრო მეტ ქალს ვხვდებოდით, დინასაც და მეც გვიმძაფრდებოდა შეგრძნება, რომ კიდევ უფრო მეტი ქალია, ვისაც აქვს მოსაყოლი, კიდევ უფრო მეტი ისტორიაა, რომელიც არ ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვიშრომეთ და წიგნიც საკმაოდ სქელტანიანი გამოვიდა, ორივეს გვაქვს შეგრძნება, რომ ეს ამბავი ამით არ მთავრდება. ჩემთვის ძალიან შთამაგონებელი იყო და მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება ამ ქალების სიძლიერე, მიუხედავად ყველაფრისა. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია თითოეული მათგანისთვის ცხოვრების თავიდან დაწყება მას შემდგომ, რაც გადაიტანეს. მათი ამბები მოსასმენადაც კი არაა იოლი. ასე მგონია, თითოეული მათგანი ცალკე წიგნს იმსახურებს“,– გვეუბნება სალომე ბენიძე.

დინა ოგანოვა ამბობს, რომ უთქმელი ამბავი ჯერ კიდევ ბევრია, რადგან ომი ძალიან ბევრ ოჯახს შეეხო და საკუთარი, ტრაგიკული კვალი დაამჩნია: „ესაა საქართველოს ისტორია, ისტორია, რომელზეც არ ლაპარაკობენ, ამბები, რომელსაც არ ყვებიან, ქალები, რომლებიც უბრალოდ, არ ჩანან. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ომის დროს ძირითადად, კაც გმირებზე ყვებიან, მაგრამ ქალები, რეალურად ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ეს არ იყო ჩემთვის უბრალოდ ფოტოგადაღება. ჩვენი წიგნის გმირებთან მივდიოდი, ვრჩებოდი, ვცხოვრობდი მათი ყოველდღიური ცხოვრებით... არ მჯერა, რომ ფოტოგრაფს შეუძლია უბრალოდ გადაიღოს და წავიდეს ისე, რომ არ გაითავისოს ამ ადამიანის ამბავი. ამ კომპონენტის გარეშე, მგონია, რომ შეუძლებელია ფოტომ თავისი სათქმელი გამოხატოს“.

“sHEROes” ქალების - რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია - დანაკარგით, ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG