ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა


თორნიკე შენგელია: "ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!"

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოსკოვში თამაშზე უარი თქვა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გუნდი - ცსკა დატოვა. შენგელიამ სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა გამოქვეყნა წარწერით, "ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!"

თოკო შენგელია რუსეთიდან წავიდა
თოკო შენგელია რუსეთიდან წავიდა

რუსული წყაროების ცნობით, ცსკაში ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურეს და „ცსკა არ შეუშლის ხელს შენგელიასთან კონტრაქტის გაწყვეტას“. ბოლო ინფორმაციით, ქართველმა კალათბურთელმა ცსკასთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა და ამჟამად, ესპანეთში იმყოფება.

"ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მივიღე, აღარ შემეძლო რუსეთის არმიის კლუბში თამაშის გაგრძელება“
თორნიკე შენგელია, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი

"ეს გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მივიღე, აღარ შემეძლო რუსეთის არმიის კლუბში თამაშის გაგრძელება“ - აღნიშნა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ვრცელ განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.

ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, რუსეთში 2020 წელს სწორედ ესპანური ლიგიდან გადავიდა და ფანების დიდი პროტესტის მიუხედავად, 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შენგელიას გადაწყვეტილების შემდეგ, ლიტვური საზოგადოება, უკვე ლიტვის ეროვნული ნაკრების კალათბურთელს, შენგელიას უკვე ყოფილ თანაგუნდელ მარიუს გრიგონისს დაჟინებით მოუწოდებს მოსკოვის ცსკა ასევე დატოვოს. მანამდე, ლიტვურმა „ჟალგირისმა“ ოფიციალურად უარი თქვა მოსკოვსა და პეტერბურგში, ევროლიგის მატჩებზე ჩასულიყო.

ლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე
„ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ერთი ადამიანის უაზრო ახირების ბრალი! ერთი კაცის ომი! დიდება უკრაინას!
ლაშა ტალახაძე, მსოფლიო ძალოსნობის ვასკვლავი

შენგელიას მსგავსად, რუსეთის შეჭრა უკრაინაში დაგმო პლანეტის საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ. „ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ერთი ადამიანის უაზრო ახირების ბრალი! ერთი კაცის ომი! დღეს, უკრაინა არის საქართველოს მდგომარეობაში და ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ორმაგად მძიმეა იმ კადრების ყურება, რაც ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება, დიდება უკრაინას!“ - აღნიშნავს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.

“ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება. უკრაინელი ხალხის და ჯარისკაცების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. Слава Україні!” - წერს ბრიტანული „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე.

შოთა არველაძე
შოთა არველაძე
“რატომ უნდა დავბრუნდეთ იქ, (საბჭოთა-რუსულ იმპერიაში) სადაც კარგად არ ვიყავით? ჩემთვის ეს დელიკატური საკითხია, რადგან ვამაყობ უდიდესი ისტორიის მქონე ჩემი ერით"
შოთა არველაძე, ბრიტანული "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელი

“რატომ უნდა დავბრუნდეთ იქ, (საბჭოთა-რუსულ იმპერიაში) სადაც კარგად არ ვიყავით? ჩემთვის ეს დელიკატური საკითხია, რადგან ვამაყობ უდიდესი ისტორიის მქონე ჩემი ერით" - ამბობს ბრიტანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში შოთა არველაძე.

ავსტრალიისა და კვიპროსის ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელებმა ბექა მიქელთაძემ და გიორგი ქვილითაიამ ბოლო გოლები უკრაინის დროშის გაშლით აღნიშნეს. ამასთან, მიქელთაძემ, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის ქალაქ ნიუკასლის კლუბის "ნიუკასლ ჯეთსის" ღირსებას იცავს, უკრაინის დროშა თეთრ მაისურაზე საკუთარი ხელით დახატა.

უკრაინას მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს ბრატისლავის "სლოვანის" ფეხბურთელმა ჯაბა კანკავამ და გურამ კაშიამ, ჩოგბურთელმა ნიკა ბასილაშვილმა, საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში ბათუმის „დინამოს“ გუნდმა და სხვებმა.

გიორგი ქვილითაია
გიორგი ქვილითაია
ბექა მიქელთაძე მარცხნივ, მის მიერვე დახატული უკრაინის დროშით
ბექა მიქელთაძე მარცხნივ, მის მიერვე დახატული უკრაინის დროშით
ჯაბა ჯანკავა და გურამ კაშია
ჯაბა ჯანკავა და გურამ კაშია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბათუმის ახალი არენა უკრაინის ეროვნული დროსში ფერებში გაანათა, თუმცა ამავე, დროს ფედერაცია არ აპირებს სასპონსორო ხელშეკრულების გაწყვეტას რუსულ VTB ბანკთან, რომელსაც რუსების უკრაინაში შეჭრის გამო, საქართველოს პარტნიორებმა მკაცრი სანქციები დაუწესეს.

ბათუმის ახალი არენა უკრაინის დროშის ფერებში
ბათუმის ახალი არენა უკრაინის დროშის ფერებში

უკრაინაში ომის წამოწყების გამო, რუსული სპორტი თანდათან სრულ იზოლაციაში ექცევა. სპორტის თითქმის ყველა სახეობაში, ევროპული კლუბები თუ ნაკრებები უარს ამბობენ რუსეთში ჩასვლაზე, რუსულ კლუბთან ან ნაკრებთან თამაშზე.

რუსეთს უკვე ჩამოერთვა ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის ფინალის, ფორმულა 1-ის ეტაპისა, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისა და სროლაში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. ანალოგიურ იზოლაციაში მოექცა ბელარუსული სპორტიც, მას შემდეგ რაც ბელარუსმა დიქტატორმა ლუკაშენკომ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის დიქტატორ პუტინს პლაცდარმი მისცა.

XS
SM
MD
LG