ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსკლუზიური ინტერვიუ სერგეი მარკედონოვთან


სერგეი მარკედონოვი (მარცხნივ) და ენდრიუ კაჩინსი (მარჯვნივ), სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრი

რუს ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ კავკასიაში რამდენიმე პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობა არსებობს.

სამშაბათს, 6 ივლისს, ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში გაიმართა ბრიფინგი თემაზე „კავკასიის რეგიონი: ძველი პრობლემები და ახალი გეოპოლიტიკური დიზაინი,“ რომელსაც რუსი ანალიტიკოსი სერგეი მარკედონოვი უძღვებოდა. ამერიკის ხმის ქართული რედაქცია გაესაუბრა ბატონ მარკედონოვს, რომელიც ხსენებულ ცენტრში წლის ბოლომდე მოწვეული ექსპერტის რანგში კავკასიასთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.

აი როგორ აფასებს მარკედონოვი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ცოტა ხნის წინ დასრულებულ პირველ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში:

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი დემონსტრაცია იმ სადავო პოლიტიკისა, რომელსაც ‘გადატვირთვას’ უწოდებენ. რამდენიმე კვირის წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დოკუ უმაროვი საერთაშორისო ტერორისტთა ჩამონათვალში შეიტანა, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების მანძილზე რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ეს იყო შემრიგებლობისკენ მიმართული საუკეთესო ნაბიჯი. მაგრამ იმავდროულად ამერიკელი ოფიციალური პირები გამუდმებით აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ხოლო რაც შეეხება პოლიტიკას ეგრეთწოდებული ‘ახლო საზღვარგარეთის’ მიმართ, აშკარაა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ჩემი აზრით ეს არის გაგრძელება იმ წინააღმდეგობრივი ტენდენციებისა, რომელიც ახასიათებს რუსეთ-ამერიკულ ურთიერთობებს. ალბათ არ არის საჭირო ვითარების ზედმეტი დრამატიზირება. სახეზეა რეალური დემონსტრაცია უკვე კარგად ცნობილი მიდგომისა - შევთანხმდეთ უთანხმოების შესახებ. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორივე მხარეს საერთო მიდგომა აქვს ჩრდილოეთ კავკასიაში რადიკალური ისლამის მიმართ. იგივე შეიძლება ითქვას ავღანეთსა და ირანზე. მაგრამ რაც შეეხება ‘ახლო საზღვარგარეთს,’ და განსაკუთრებით საქართველოს, ამ საკითხთან დაკავშირებით ორ მხარეს შორის აშკარა აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება.“

მარკედონოვს მიაჩნია, რომ კავკასიაში არსებობს რამდენიმე პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობა, რაც თავის მხრივ საკმაოდ საინტერესო ფენომენს წარმოადგენს. მისი თქმით:

„მაგალითად, რუსეთისთვის სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოიტი ისეთივე დამოუკიდებელი სახელმწიფოების ლიდერები არიან როგორც დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა ან ევროკავშირის ლიდერები. ხოლო საქართველოსთვის ისევე როგორც შეერთებული შტატებისთვის ეს ტერიტორიები ოკუპირებულია. უფრო მეტიც, სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის სიტყვები რომ მოვიშველიო, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რომელიც ამ ტერიტორიების ‘დე-ოკუპაციისკენ’ არის მიმართული. ჩემი აზრით ეს გარკვეულწილად მდგომარეობის გამარტივების მცდელობაა რადგან ქართულ-აფხაზური ისევე როგორც ქართულ-ოსური ურთიერთობების პრობლემა მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტით არ შემოიფარგლება. ეს პრობლემური საკითხები მრავალწახნაგიანია. საქართველოსთვის ეს პრობლემები უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე ეროვნული აღმშენებლობის პროცესს, რომლის დასაწყისში ანუ 1990-იან წლებში საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა საბედისწერო შეცდომები დაუშვა.“

მარკედონოვი აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები უშუალოდ უკავშირდება ჩრდილოეთ კავკასიის უსაფრთხოებას რადგან ადიღელთა მოძრაობა მჭიდრო კავშირშია აფხაზეთში შექმნილ მდგომარეობასთან ისევე როგორც ვითარება სამხრეთ ოსეთში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩრდილოეთ ოსეთზე. რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფინანსურ დამოკიდებულებას რუსეთიდან მიღებულ სახსრებზე, მარკედონოვს მიაჩნია, რომ ეს გარემოება უნიკალური როდია რადგან მსოფლიოში არსებობს ბევრი პრეცენდენტი ამგვარი ურთიერთობებისა. მაგალითად, ჩრდილოეთ კვიპროსის არსებობა თურქეთის სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას ეფუძნება. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილის თურქი მოსახლეობის ნებაც ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სურვილი.

მარკედონოვი დასძენს:

„ქართული ფაქტორი პრაქტიკულად დავიწყებას მიეცა როგორც აფხაზეთში ისე სამხრეთ ოსეთში. მე შემიძლია აფხაზეთის საარჩევნო დინამიკა 2004 და 2009 წლებში ერთმანეთს შევადარო. 2004 წელს ქართული ფაქტორი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ის განსაზღვრავდა ძალაუფლებისთვის ბრძოლას სოხუმში. რუსეთის მხარდაჭერით აღჭურვილი რაულ ხაჯიმბას მომხრეები სერგეი ბაღაფშს საქართველოსთან ფარულ კავშირებში ადანაშაულებდნენ იმის გამო, რომ მისი ცოლი ეროვნებით ქართველია. მაგრამ 2009 წელს საქართველოს შესახებ არავინ ლაპარაკობდა. მაშინ არჩევნების დროს აფხაზეთში დისკუსიების ყველაზე მნიშვნელოვანი თემები იყო აფხაზეთის ახლად შეძენილი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი და რუსეთის ჩარევისა და გავლენის დონე კომერციულ, სამხედრო და პოლიტიკურ სფეროებში. სამხრეთ ოსეთში მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია. იქ ლიდერები არ მალავენ, რომ მათი ოცნებაა რუსეთთან შეერთება.“

XS
SM
MD
LG