ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატი პანდემიით დაზარალებულთა ფინანსური დახმარების პაკეტს უყრის კენჭს


ამერიკის სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი აცხადებს, რომ ამ კვირაში ამერიკის კონგრესის ზედა პალატა კოვიდ-19-ის გავლენის შესამსუბუქებელად, ფინანსური დახმარების პაკეტს უყრის კენჭს. დემოკრატებთან მოლაპარაკებები გასულ თვეში ჩაიშალა და შეწყდა.

სენატის რესპუბლიკელებმა 500 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტი სამშაბათს გამოაქვეყნეს. ის მოიცავს უმუშევართა დაზღვევა-დახმარებას, ბავშვთა საკითხებს, კორონავირუსზე ტესტირების ხარჯებს, ასევე იმ ბიზნესების, სკოლებისა და ეკლესიების დაცვას, რომლებიც პანდემიის დროს ფუნქციონირებენე.

"ეს პაკეტი არ მოიცავს ყველა იმ იდეას, რომელიც ჩვენს პარტიას მოსწონს. დარწმუნებული ვარ, დემოკრატებიც ამგვარად ფიქრობენ. თუმცა რესპუბლიკელებს კვლავ სჯერათ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენს პარტიებს შორის, არ უნდა აღმოჩნდეს ბარიერი იმისთვის, რომ შევთანხმდეთ ჩვენი ქვეყნის დახმარების გზებზე", - ამბობს მაკკონელი გავრცელებულ განცხადებაში.


ივნისში წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, 1 ტრილიონის მოცულობის ფინანსური პაკეტი დაამტკიცა, თუმცა ის მიუღებელია რესპუბლიკელი სენატორებისთვის. სენატს კი სწორედ რესპუბლიკური უმრავლესობა აკონტროლებს. მეორე მხრივ კი არც მათ შემოთავაზებულ 500 მილიარდიან პროექტს აქვს შანსი დემოკრატთა ქვედა პალატაში. დემოკრატები ამბობენ, რომ სენატის მხრიდან ეს წინასაარჩევნო პოლიტიკური თამაშია. დემოკრატი სენატორი, პატრიკ ლიჰი ამბობს, რომ უმრავლესობის ლიდერი მალე სენატს დროებით დაითხოვს იმისთვის, რომ სენატორები კამპანიებში ჩაერთონ. "როგორც ჩანს, სულ ესაა ის, რისი ჩვენებაც სურს, კენჭი უყარონ სამწუხაროდ არაადეკვატურ კანონპროექტს, რომელიც იცის, რომ კანონად ვერასდროს იქცევა, ეს არ არის სამოქმედო გეგმა", - ამბობს ის.

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მილიონობით ადამიანი ამერიკაში კვლავ უმუშევარია. საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქების და ბიზნესების ეტაპობრივი გახსნის შემდეგ დამსაქმებლებმა თანამშრომელთა ნაწილი სამსახურში აღადგინეს, თუმცა დაზარალებული ბიზნესების განახლების ტემპი არც ისე დიდია, თანამშრომელთა ნაწილი სამსახურში ვერ ბრუნდება, ზოგიერთი ბიზნესი კი სამუდამოდ დაიხურა.

ივლისამდე ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილებს შტატის დახმარებასთან ერთად, ყოველკვირა 600 $-ს ურიცხავდა იმისთვის, რომ მათ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავება შესძლებოდათ. თუმცა ამ ფინანსური პაკეტის დასრულების შემდეგ თეთრი სახლის წარმომადგენლები და დემოკრატი კანონმდებლები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რამდენი ხნით და რა მოცულობის დახმარება უნდა გაგრძელებულიყო.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG