ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კავანას სექსუალურად უხამს საქციელში ორი ქალი ადანაშაულებს


ბრეტ კავანა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი
ბრეტ კავანა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ, უკვე მეორე ქალმა წამოაყენა სექსუალური შევიწროების ბრალდება.

ამის შესახებ კვირას, გვიან ღამით, ჟურნალ "ნიუ-იორკერში" დაიწერა. პუბლიკაციის მიხედვით, ორი ამერიკელი სენატორი იძიებს 52 წლის დებორა რამირესის ბრალდებას იმის შესახებ, რომ 1983-84 სასწავლო წლებში, იელის უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში ერთ-ერთ წვეულებაზე, კავანა მის წინაშე გაშიშვლდა და მასთან შეხება აიძულა.

თეთრი სახლი პრეზიდენტ ტრამპის მიერ დასახელებული კანდიდატის წინააღმდეგ ბრალდებებს უარყოფს. ეს "35-წლის წინანდელი დაუსაბუთებელი ბრალდება არის კავანასთვის ჩირქის მიცხების კამპანიის ნაწილი" - აცხადებს თეთრი სახლის პრესსამსახურის წარმომადგენელი კერი კუპეკი. მისივე თქმით, კამპანია დემოკრატების მიერაა ორგანიზებული იმისათვის, რომ პრეზიდენტის კანდიდატი დააზარალონ... ბრალდებას უარყოფს ყველა ქალი და მამაკაცი, ვინც კი მოსამართლე კავანას კოლეჯში სწავლის პერიოდში იცნობდა. თეთრი სახლი მტკიცედ უჭერს მხარს ბრეტ კავანას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დებორა რამირესი "ნიუ-იორკერის" ჟურნალისტებთან აღიარებს, რომ იმ წვეულებაზე ალკოჰოლს სვამდა და ზოგი რამ ბუნდოვნად, ან საერთოდ არ ახსოვს. მაგრამ, ადვოკატთან კონსულტაციების შემდეგ, ის უფრო დარწმუნებული სჩანს იმაში, რომ სწორად ახსოვს ის, რაც მოხდა.

კავანა რამირესის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყოველივეს მის საწინააღმდეგოდ დაწყებული კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.

ჟურნალის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ამ შემთხვევის მოწმეები ვერ ნახეს. კავანას რამდენიმე ჯგუფელი იელის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ ის მსგავს საქციელს არასდროს ჩაიდენდა.

რამირესის ზოგიერთი ჯგუფელი კი აცხადებს, რომ მისი მონაყოლის სჯერათ და უნახავთ, რომ კავანა ხშირად უგონოდ თვრებოდა. მეორე ქალი, რომელმაც კავანა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, თანახმაა სენატის იურიდიულ კომიტეტს ჩვენება მისცეს. მას ხუთშაბათს დაკითხავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG