ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული გიგანტური ქსელი „სიარსი“ კოტრდება


სიმბოლოდ ქცეულმა ამერიკულმა საცალო მოვაჭრე „სიარსმა“ გაკოტრებაზე განაცხადი შეიტანა. ქსელი ცდილობს კომპანიის რეორგანიზაცია მოახდინოს და უფრო მცირე ოპერაციებზე გადაერთოს, რათა მრავალწლიანი დანაკარგების შემდეგ, შესაძლო მოგებაზე გავიდეს.

ეს ნაბიჯი „სიარსის“ ბოლო მცდელობაა იმისთვის, რომ ბიზნესი განაახლოს. კომპანიამ უკვე გაყიდა ზოგიერთი სავაჭრო მარკა და გაყიდვების შემცირებასთან ერთად ასობით მაღაზია დახურა.

დღეს შეტანილ გაკოტრების განაცხადში, კომპანიამ საკუთარი ქონება 6,9 მილიარდ დოლარად შეაფასა, ფინანსური ვალდებულებები კი 11,3 მილიარდ დოლარად. კომპანია წლის ბოლომდე 142 მაღაზიის დახურვას გეგმავს, მაგრამ „სიარსის“ და „ქეიმარტის“ დანარჩენ მაღაზიებს შეინარჩუნებს.

კომპანიის ისტორია 1880 წელს, კატალოგით საფოსტო შეკვეთების ბიზნესით დაიწყო. თავდაპირველად ის მომხმარებელს სათამაშოებს, ტანსაცმელს, წამლებს და ასაწყობ სახლებსაც კი სთავაზობდა. შემდეგ გახსნა საცალო ვაჭრობის მაღაზიები, რომელიც მთელი ქვეყნის სავაჭრო ცენტრებში გავრცელდა.

უფრო იაფი ალტერნატივების, როგორიცაა „ვოლმარტი“ და მყიდველების მეტწილად ინტერნეტ მაღაზიებისკენ გადახრის გამო, „სიარსი“ ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა. 2010 წლის შემდეგ კომპანიას მოგება არ მიუღია.

გასულ წელს „სიარსმა“ სავაჭრო მარკა „კრეფთსმან თულს“ კომპანია „სტენლი ბლექ ენდ დეკერს“ მიჰყიდა. კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ რესტრუქტურიზაციის ფარგლებში რამდენიმე მსგავს გაყიდვას განახორციელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG