ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ზღვის ქარი 2019“: Carney, Yuma, Sahaydachniy და „ოჩამჩირე“


ამერიკული Carney და ქართული "ოჩამჩირე" Sea Breeze 2019-ზე შავ ზღვაში
ამერიკული Carney და ქართული "ოჩამჩირე" Sea Breeze 2019-ზე შავ ზღვაში

რუსეთი განსაკუთრებული სიმწვავით რეაგირებს ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს მიმდინარე უკრაინულ-ამერიკულ სამხედრო-საზღვაო წვრთნებზე. მასშტაბურ სწავლებაში, სახელწოდებით „ზღვის ქარი 2019“ (Sea Breeze 2019) 19 ქვეყნის, 3000-მდე მებრძოლი და 32 სამხედრო გემი მონაწილეობს. მათ შორის, საქართველოს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი „ოჩამჩირე“.

4 ივლისს, ნეიტრალურ წყლებში, რუსული ავიაგამანადგურებელი SU-24 ამერიკულ საესკადრო ნაღმოსან USS Carney-ის სახიფათო მანძილზე მიუახლოვდა.

ამერიკის მეექვსე საზღვაო ფლოტის საესკადრო ნაღმოსანის გარდა, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის ტერიტორიული წყლების სიახლოვეს პირველად გადაისროლა, უახლესი სადესანტო-სატრანსპორტო კატამარანი USNS Yuma, Spearhead-ის კლასის სწრაფმავალი ხომალდი, რომელიც წყალში 2016 წელს ჩაუშვეს.

USNS Yuma ოდესის ფონზე
USNS Yuma ოდესის ფონზე

აშშ-ს მეექვსე ფლოტის პირველი რანგის კაპიტანმა, ტაქტიკური შენაერთის 65-ის მეთაურმა მეთიუ ლიმანმა წვრთნის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კერძოდ აღნიშნა:

მრავალეროვნული ძალების შეკრული გუნდი მზად არის არამეგობრული ძალების წინააღმდეგობისთვის დევიზით - ერთად ჩვენ ძლიერები ვართ"
მეთიუ ლიმანი, აშშ-ს მეექვსე ფლოტის პირველი რანგის კაპიტანი

„მრავალეროვნული ძალების შეკრული გუნდი მზად არის არამეგობრული ძალების წინააღმდეგობისთვის დევიზით - ერთად ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ ვმოქმედებთ წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით, უკრაინის აკვატორიასა და მიმდებარე ნეიტრალურ წყლებში.

ჩვენ პირველი ფაზის ყველა ვარჯიში დავასრულეთ, საჰაერო თავდაცვა, წვრთნები წყალზე და ოპერაციები მცირე კატერებით. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. რუსები თვალს გვადევნებენ, როგორც ზღვიდან, ისე ჰაერიდან, თუმცა, ჩვენ, როგორც დაგეგმილი გვქონდა, ყველა ოპერაცია საერთაშორისო წყლებში განვახორციელეთ.“ - თქვა ლიმანმა.

USS Carney ოკუპირებულ ყირიმთან
USS Carney ოკუპირებულ ყირიმთან

უკრაინულ-ამერიკულ საზღვაო სწავლებაში, რომელმაც სტარტი 1 ივლისს აიღო ასევე ჩართულნი არიან უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი ფრეგატი Hetman Sahaydachniy, ბრიტანული ნაღმოსანი HMS Duncan, კანადული ფრეგატი HMCS Toronto, რუმინული კორვეტი Contraamiral Eustaciu Sebastian, ბულგარული კორვეტი Bodri და ფრანგული ხომალდი Dupuy de Lôme (A759), რომელიც რადიოელექტრონული დაზვერვისთვის არის განკუთნილი.

„ზღვის ქარის“ წვრთნების ფარგლებში შავი ზღვის აკვატორია შემოიფრინა ამერიკულმა მზვერავმა თვითმფრინავი - P-8A Poseidon-მა, რომელსაც ოკუპირებული ყირიმთან ახლოს რუსული სუ-27 აედევნა.

P-8A Poseidon შავი ზღვის თავზე
P-8A Poseidon შავი ზღვის თავზე

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები შავი ზღვის აკვატორიის გარდა, უკრაინის მიწაზე, ოდესის, ნიკოლაევის და ხერსონის ოლქების სამხედრო პოლიგონებზეც მიმდინარეობს.

"Sea Breeze 2019" ნატოს პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში, აშშ-ს არმიის ევროპის სარდლობის (USEUCOM) ორგანიზებით, 12 ივლისამდე გასტანს.

ყოველწლიური საზღვაო სწავლება ზღვის ქარი უკრაინაში 1997 წლიდან ტარდება. საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი სწავლებაში 2009 წლიდან მონაწილეობს. ამერიკული მხარის მიერ 2018 წელს გადმოცემული სადარაჯო ხომალდი P-23 "ოჩამჩირე" კი სწავლებაში წელს პირველად ჩაერთო.

P-23 "ოჩამჩირე" მრავალეროვნულ სწავლებაზე
P-23 "ოჩამჩირე" მრავალეროვნულ სწავლებაზე

XS
SM
MD
LG