ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სანქციები ბოლო ნაბიჯი არ არის


თუკი რუსეთი არ შეჩერდება და ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებას არ დაიცავს, მის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება

ბმული

რუსეთმა უკრაინაში დეესკალაციის შესახებ მიცემული პირობა არ შეასრულა და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე პრორუსული სეპარატისტების მხრიდან ამბოხის ინსპირირება გააგრძელა. შესაბამისად, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთს 28 აპრილს ახალი სანქციები დაუწესა. დასავლეთი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი არ შეჩერდება და ჟენევაში მიღწეული შეთანხმების პუნქტებს არ დაიცავს, მის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება.

შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციები რუსეთის დამატებით 7 მოქალაქეს და 17 რუსულ კომპანიას უწესდება, რომელთა დიდი ნაწილი ქვეყნის ენერგო-სექტორთანაა დაკავშირებული. პუტინის ვიწრო წრეში მყოფ ოფიციალურ პირთა და ბიზნესმენთა შორის, ვისაც ანგარიშები გაეყინა და ვიზები შეუჩერდა, იგორ სეჩინიც არის, ქვეყნის უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელი.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერის განცხადებით, სანქციების შედეგად ბევრ რუსულ კომპანიას საექსპორტო ლიცენზია ჩამოერთვა. „მუდმივად გვქონდა ის შეგრძნება, რომ პუტინთან დაახლოებულ ოფიციალურ წრეებში ეს ადამიანები უკრაინაში მიმდინარე უკანონო ქმედებას უწყობდნენ ხელს და ამიტომაც ჩვენ შეგვეძლო მათი მიზანში ამოღების გადაწყვეტილება მიგვეღო“ - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.

შეერთებული შტატების პოზიციას ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებიც იზიარებენ. ანალოგიური განცხადებით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლისღვრის ხელშეწყობაში დასდო ბრალი.

„მას შემდეგ რაც ხარკოვის მერს ესროლეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ერთიანი უკრაინის მხარდამჭერების მიმართ ძალადობას მიმართავენ“ - განაცხადა უილიამ ჰეიგმა.

ბრიუსელში ევროკავშირის 28 ქვეყნის წარმომადგენლები მოსკოვის მიმართ დამატებით სანქციებზე შეთანხმების მიზნით შეიკრიბნენ. დასავლეთის ლიდერები ემზადებიან იმისთვის, რომ თუ რუსეთი არ შეჩერდება და ჟენევაში მიღწეული შეთანხმების პუნქტებს ისევ არ დაიცავს, მის წინააღმდეგ ახალი, კიდევ უფრო მკაცრი სანქციები მოამზადონ.

ევროკომისიის პრეს-სპიკერი პია არენკილდე ჰანსენი ამბობს, რომ ევროკავშირის დიპლომატები სანქციების მესამე ტალღას რუსული საბანკო, ენერგოსექტორის, თუ სხვა წამყვანი ეკონომიკური ბერკეტების წინააღმდეგ შეიმუშავებენ. „ამ წუთას ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, როცა დეესკალაცია ფაქტიურად არ ხდება. ამიტომ მოცემულ მომენტში დამატებით ზომებს განვიხილავთ, როგორიცაა აქტივების გაყინვა და ვიზების შეჩერება იმ დონის შესაბამისად, როგორი პასუხის მომზადებაცაა საჭირო“.

ანალიტიკოსების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ეკონომიკური სანქციების გარდა, რუსეთს ამ ეტაპზე სხვა ვერაფერი შეაჩერებს. თუმცა, „ფრიდომ ჰაუსის“ დირექტორი დევიდ კრეიმერი ამბობს, რომ სანქციები მაინც სუსტია:

„სანქციები უფრო მკაცრი უნდა იყოს, უფრო მძიმე დარტყმა უნდა მიაყენოს რუსული ეკონომიკის სექტორებს. ეს დიდ ტკივილს გამოიწვევს თავად ევროპაშიც, შედარებით ნაკლებს - შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, რომ ორშაბათს გამოქვეყნებული სია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ობამას ადმინისტრაციას ევროპელებთან კოორდინირების სირთულე აქვს. პრეზიდენტმა ობამამ კი აზიაში ვიზიტისას გარკვევით განაცხადა, რომ მას სურს შეერთებულ შტატებს ევროკავშირთან ერთიანი ფრონტი ჰქონდეს“ - აღნიშნავს დევიდ კრეიმერი.

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შაუბემ ორშაბათს ევროპის ქვეყნებს უკრაინის კრიზისთან მიმართებაში ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია ევროპის ერთიანი პოზიცია იქნებოდა. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ „ჩვენ არანაირი ესკალაცია არ გვსურს და თანამშრომლობა გვინდა. და ამისთვის მტკიცედ და ერთიანად ვიდგებით“ - განაცხადა მან.

მოსკოვში პრეზიდენტი პუტინი შეეცადა დაერწმუნებინა რუსი პოლიტიკოსები იმაში, რომ რუსულ სამხედრო ძლიერებას დიდი ხნის პარტნიორ ქვეყანასთან, უკრაინის არმიასთან თანამშრომლობის შეწყვეტა არაფერს ავნებს. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთმა უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს რუსულ არმიაში სამსახური უკვე შესთავაზა.

„ისინი ღირსეულ ანაზღაურებას და ბინებს მიიღებენ. ამისთვის აუცილებელ თანხას ბიუჯეტიდან გავცემთ და ეს პროცესი უკვე დაწყებულია“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ახალ სანქციებზე რეაქციას, რუსეთმა ევროკავშირი უკრაინის შიდა პოლიტიკის უცოდინრობაში დაადანაშაულა. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპულმა ბლოკმა იმ 15 სანქციონირებულის სია გაავრცელა, რომელიც რუსეთს უკრაინაში შექმნილი კრიზისის გამო დაუწესეს. ლავროვის განცხადებით, ევროკავშირის სანქციები ადგილობრივთა ნეონაცისტურ ქმედებას აქეზებს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში უკანონო ქმედებების გაგრძელებას შეუწყობს ხელს.

ამასობაში კი რუსეთის ეკონომიკა, რომელიც უკრაინაში კრიზისის დაწყებამდეც სუსტად გამოიყურებოდა, თანდათან კიდევ უფრო უძლურდება. რუსული რუბლის კურსი ბოლო პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. რუსული საფონდო ბირჟებიც მკვეთრ ვარდნას აჩვენებს, ინვესტორები კი ქვეყნის ეკონომიკაში ფულის დაბანდებას აჩერებენ.
XS
SM
MD
LG