ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინოდოკუმენტალისტ სალომე ჯაშის ფილმი ნიუ-იორკში


ნიუ-იორკში ლინკოლნ-ცენტრის კინო-საზოგადოების ფესტივალზე " Art of the Real " ქართველი კინო-დოკუმენტალისტის სალომე ჯაშის ფილმი "დაისის მიზიდულობა" მონაწილეობს. ფესტივალი არაკომერციული, მაღალი მხატვრული ღირებულების ნამუშევრებს აერთიანებს და ნიუ-იორკის საზოგადოებას, კინომცოდნეებს საშუალება აქვთ გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადაღებულ დოკუმენტურ კინოს.

"დაისის მიზიდულობა" სალომე ჯაშის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა - შვეიცარიაში "ნიონის" ფესტივალზე ფილმის წარმატებული პრემიერა გაიმართა და შემოქმედებითმა ჯგუფმა საუკეთესო კინოდებიუტის პრიზი მიიღო. ფილმი ქართულ-გერმანული კორპროდუქციაა. სალომე ჯაშს ნიუ-იორკში თეა თუაშვილი გაესაუბრა.

სალომე ჯაში: მე ძალიან მიხარია რომ ჩემი ფილმი ნაჩვენები იქნება აქ ნიუ-იორკში ლინკოლნ-ცენტრის კინო-საზოგადოების ფესტივალზე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სასიამოვნოა. ფესტივალის მთავარი ფოკუსი არის აჩვენონ არაკომერციული, საავტორო ფილმები, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მხატვრული ღირებულებით.

რაც შეეხება თავად ფილმს, ვერ ვიტყვი რომ სოციალური პროექტია. რათქმაუნდა იქ არის რაღაც ასპექტები, ცხოვრების ხარისხზე, რელიგიაზე, პოლიტიკაზე, სოციალურ საკითხზე, მედიაზე თავისთავად რადგან მთავარი ხაზი ფილმში არის ადგილობრივი ჟურნალისტი, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ ამბებს და ფილმში იქმნება ერთგვარი პორტრეტი ადგილობრვი დასახლების, ამ შემთხვევაში წალენჯიხის რაიონის, სადაც თავად მოქმედება ხდება.

ამერიკის ხმა: როგორ იბადება იდეა კონკრეტულ ფილმზე მუშაობის დროს , რა გაწუხებს, რისი თქმა გსურს?

სალომე ჯაში: მაინტერესებდა როგორ ხდება ინფორმაციის წარმოება. მეც ვმუშაობდი ტელევიზიაში და ეს საკითხი ჩემთვის რთულიც და საინტერესოც იყო. როგორ იქმნება ახალი ამბავი, რომელსაც მერე მაყურებელს აწვდი. ინგლისის პატარა ქალაქში გაზეთს წავაწყდი, რომლის პირველ გვერდზე იყო ინფორმაცია, რომ მისტერ და მისის სმიტებმა ქალაქის ცენტრში პაბი დახურეს. მაშინ დავფიქრდი, რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ახალი ამბავი პატარა ქალაქისთვის და ამის შემდეგ დავიწყე საქართველოში მოძიება რეგიონული ტელევიზიების, რომ ფილმის გმირი ყოფილიყო ადგილობრივი ტელევიზია და რეგიონი. "დაისის მიზიდულობა" არის ქართულ-გერმანული კორ-პროდუქცია, სადაც გადამღები ჯგუფი 3-4 პერსონალი საქართველოდან ვიყავით და პოსტ-პროდუქციის მონტაჟი ბერლინში იყო, სადაც მემონტაჟეც და პროდუსერიც გერმანელები იყვნენ.

ამერიკის ხმა: როგორ გამოინახა თანხა ფილმის გადასაღებად?

სალომე ჯაში: ჩვენ გაგვიმართლა, დაგვაფინანსა "რობერტ ბოშის" ფონდმა, ქართულმა კინოცენტრმა და "ემდე-არტმა" .

ამერიკის ხმა: როგორ ფიქრობ, რა საფეხურზეა ამჟამად ქართული კინოდოკუმენტალისტიკა.

სალომე ჯაში: ნამდვილად ხაზგასასმელია, რომ ქართული კინო დღეს ძალიან წარმატებულია. ვგულისხმობ, როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ კინოსაც, აქვთ საერთაშორისო წარმატება და აღიარება. თუმცა ის თანხები, რასაც სამინისტრო გამოყოფს, ძალიან მწირეა, მაგრამ ამ მცირე დაფინასნებით ადამიანები საინტერესო რაღაცეებს აკეთებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG