ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეფასებები: ექს პრეზიდენტს პროკურატურაში იბარებენ


საქართველოს პროკურატურაში, ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სტატუსით დაბარების ფაქტს ამერიკის ხმასთან აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი აფასებს. მისი თქმით, “2012 წელს საქართველომ მთავრობის შესაცვლელად ისარგებლა დემოკრატიული უფლებით და პრეზიდენტ სააკაშვილს დიდი საარჩევნო დამარცხება აგემა. სამწუხაროა, რომ ამჟამად საქართველოს ახალი მთავრობა მოწადინებულია დაკითხოს ყოფილი პრეზიდენტი ათ სხვადასხვა საკითხზე. საქმეების ეს გრძელი და ჭრელი სია იმ ფონზე, როდესაც არ არსებობს სარწმუნო, ახალი და საჯარო ინფორმაცია, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას ცხადყოფდა, კიდევ ერთხელ წარმოშობს კითხვებს ახალი მთავრობის პირობებში სამართალდამცველი სტრუქტურებისა და სამართლებრივი პროცესის პატიოსნების შესახებ."

ყოფილი პრეზიდენტის პროკურატურაში გამოძახებას გამოეხმაურა აშშ-ის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი და ევრაზიის საკითხების ანალიტიკოსი პოლ გობლიც: "ლიბერალური დემოკრატიის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არავინ დადგეს კანონზე მაღლა. შესაბამისად, თუ ქართველ პროკურორებს კითხვები აქვთ ყოფილ პრეზიდენტთან, ეს მიზანშეწონილი და აუცილებელიც კი არის, რომ მას პასუხების მისაღებად დაუძახონ."

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საქმის გამოძიების პროცესში პროკურატურაში მოწმის სახით იბარებს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილი დაიკითხება, თუ ის პროკურატურაში დანიშნულ დღეს, 27 მარტს გამოცხადდა. ყოფილი პრეზიდენტის გამოძახებას, პროკურატურაში რიგ საქმეთა გამოძიების დასკვნით ფაზაში გადასვლით და სააკაშვილის დაკითხვის აუცილებლობით ხსნიან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ გამოაქვეყნა ამ საქმეების სრული ნუსხა. სიაში ფიგურირებს სანდრო გირგვლიანის და ლევან ბუხაიძის მიმართ “2006 წლის 28 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების: გ. ალანიას, ალ. ღაჭავას, მ. ბიბილურიძისა და ა. აფციაურის შეწყალების ფაქტი”, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის N768 განკარგულებით.

ასევე, 2008 წლის თებერვალში, “მაღალი თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის, დარბევის, უკანონოდ დაუფლების” და გარდაცვლილი ა. პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებების ფაქტებზე" არსებული კითხვები.

სახელდება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებებისა და “მუხროვანის ამბოხების” დროს ძებნილი პირების წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციის დეტალების შესწავლის აუცილებლობაც.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. პროკურატურაში დაბარებას, ის დაუსწრებლად გამოეხმაურა და ამ პროცესს “ივანიშვილ-პუტინის გეგმის ნაწილი უწოდა.” მან აღნიშნა, რომ პუტინს ოცნებას არ აუსრულებს და დაკითხვაზე თბილისში არ გამოცხადდება.

გამოძახების ცნობას გამოეხმაურნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. მათ განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის მოწმის სტატუსით პროკურატურაში დაბარება არის “საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედება, რომლის უკან პუტინი დგას.” პარტიის საგარეო პოლიტიკურმა მდივანმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებას თვისობრივად ახალ რანგში გადაჰყავს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია.

ამ ფონზე, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააზუსტა, რომ [გამოძახების] ფაქტში უჩვეულო არაფერია. მისი თქმით, საქართველოში არავინ დგას კანონზე მაღლა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია გამოცხადდეს პროკურატურაში და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

XS
SM
MD
LG