ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი თბილისის კრიტიკაზე: ეს ქართული მხარის შეცდომაა


Zelensky press conference

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას, ქართული მხარის მიერ ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახებას მოჰყვა. აღნიშნულ ნაბიჯს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „შეცდომა“ უწოდა.

„ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა, არ ვაპირებთ [საქართველოში] ჩვენი ელჩის უკრაინაში არანაირ კონსულტაციებზე გამოძახებას, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ნებისმირი ქვეყნის ხელისუფლება. მე მგონია, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა. ვფიქრობ, კონსულტაციების შემდეგ ყველა მხარე გაიგებს, რომ საკადრო პოლიტიკა ნებისმიერ ქვეყანაში ამ ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების საქმეა", - განაცხადა ზელენსკიმ სააგენტო „ინტერფაქს უკრაინის“ ინფორმაციით.

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის პასპორტით, მე - უკრაინის პრეზიდენტი ვარ და დავნიშნე ის უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, სულ ეს არის“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

მომხდარს გამოეხმაურა ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. დიმიტრი კულება აცხადებს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისი თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი კიევის გადასაწყვეტია.

„ჩვენთვის ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ვერც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში ვერ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე“, - თქვა მან.

აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ეს პოსტი ამ დროისთვის არ არსებობს. სააკაშვილი მისი დანიშვნის განსახილველად უკრაინის უმაღლეს რადაში სხვადასხვა პარტიის დეპუტატებს შეხვდა, თუმცა ვერ მოახერხა მხარდაჭერის მოპოვება.

უკრაინაში, სააკაშვილის დანიშვნის გარშემო მიმდინარე დისკუსიას, ქართული მხარის მხრიდან მკაცრი კრიტიკა და გაფრთხილება მოჰყვა, რომ ამას გავლენა ექნებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე.

ზელენსკის განცხადების პასუხად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართული მხარე დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ განიხილავს, თუმცა სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა კითხვებს ბადებს, რის გამოც თბილისი კონსულტაციების მიზნით უკრაინიდან ელჩს გამოიძახებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG