ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რუსთავი 2"-დან ჟურნალისტებს ათავისუფლებენ


„რუსთავი 2-ის“ ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიიდან ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჟოლიანი ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით სამსახურიდან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ, განცხადება სალიამ რამდენიმე საათის წინ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ გეგმავს ამ პირებს უჩივლოს ტელეკომპანიისთვის „საზიანო ხელშეკრულები გაფორმებაში“ თანამონაწილეობის გამო.

„ვინც კონფლიქტშია არხის მფლობელის ინტერესებთან, ვეცდებით, რომ ის ხალხი აღარ იყოს ამ არხზე. ნოდარ მელაძესთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს სხვა ინტერესიც, რის გამოც შესაძლოა დაზარალდეს "რუსთავი 2". ეკა კვესიტაძემ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ის აკეთებს ახალ არხს ნიკა გვარამიასთან ერთად და მთელი მისი გუნდი მუშაობს ამაზე. შესაბამისად, ვსვამ შეკითხვას, როგორ შეიძლება, რომ ეკა კვესიტაძე ერთდროულად მუშაობდეს "რუსთავი 2"-შიც და „მთავარ არხზეც?“ - განაცხადა პაატა სალიამ.

მან ასევე დაადასტურა, რომ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნინო შუბლაძის კანდიდატურაც განიხილება. შუბლაძე "რუსთავი 2-ში" 2014 წლამდე მუშაობდა.

გადაწვეტილებას "ამერიკის ხმასთან" საუბარში, არხის ერთ-ერთი სახე ეკა კვესიტაძე აფასებს, როგორც ხელისუფლების მხრიდან არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების და "რუსთავი 2"-ის დასუსტების მცდელობას.

„მოულოდნელი რასაკვირველია არ ყოფილა, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ სალიას ლაპარაკი სეროზულად არ მიგვეღო, რომელიც გვეუბნებოდა რომ ყველაფერი დარჩებოდა ძველებურად და ჩვენი გადაცემები იქნებოდა სექტემბრიდან ეთერში, ისე როგორც იყო ადრე. ჩვენ ამ ზღაპრების ერთი წუთითაც არ დაგვიჯერებია. მათ შორის, პირველ რიგში მე. ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ იმისათვის, რომ ჯერ წაყვანი სახეები მოეშორებინათ არხიდან და შემდეგ დაეწყოთ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება“, - თქვა ეკა კვესიტაძემ.

მისი თქმით, პროცესები უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ამას ბევრი ელოდა.

"რუსთავი 2"-ის მომავალს რასაკვირველია მძიმედ ვუყურებთ. სექტემბრიდან თანმიმდევრულად დაიწყება სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ეჭვი მაქვს, რომ "რუსთავი 2" ძალიან პატარა არხი გახდება, ნელნელა დაასუსტებენ და საბოლოო ჯამში, იქნება ერთი რიგითი, მცირე გავლენის არხი. მაშინ როდესაც მთელ სატელივიზიო მედიას მართავს ივანიშვილი, "იმედის" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჩათვლის. მას არ მოუნდება „რუსთავი 2-ის“ შენახვაში დიდი ფინანსები დახარჯოს“, - აღნიშნა მან. „იყო გარკვეულწილად ოპტიმისტური მოლოდინები, ჩვენგან არა რა საკვირველია, მაგრამ გარე დამკვირვებლებისგან, რომ ასე სწრაფად ვერ გაბედავდნენ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, მაგრამ მოხდა ძალზედ ფორსირებულად ყველაფერი და შესაბამისად, ვფიქრობ რომ "რუსთავი 2"-ის მოგუდვის პროცესი ძალიან სწრაფად განხორციელდება“, - დასძინა კვესიტაძემ.

გადაწვეტილებას გამოეხმაურა ასევე „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ახლა უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე. მისი თქმით, მას დაუკავშირდნენ წინადადებით, რომ ის არხზე დარჩენილიყო თუ შემცირდებოდა "რუსთავი 2"-ის მხრიდან კრიტიკა და "დაიწევდა ტემპერატურა".

რას ნიშნავს ხელისუფლებასთან ფლირტში მყოფი „კურიერი“ ამას მაყურებელი ხვალ, რა თქმა უნდა, ვერ ნახავს, რადგან ამას გააკეთებენ ეტაპობრივად, თუმცა, 2020 წლის იანვრიდან, სამწუხაროდ, „კურიერი“ და „რუსთავი 2“ განადგურდება“, - განუცხადა მელაძემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, ის გეგმავს სამართლებრივი დავის დაწყებას და რომ მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დაიცავს.

გადაწვეტილებას გამოეხმაურა ასევე ნანუკა ჟორჟოლიანი, მისი განცხადებით გადაწვევტილების მიზეზი მისი პოლიტიკური სიმპათიები იყო.

„მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, ჩვენ ამას ველოდებოდით გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, როგორც მე დღეს პაატა სალიამ პირდაპირ ეთერში შემატყობინა, გამათავისუფლა იმიტომ რომ ქიბარ ხალვაში არ მომწონს და არ ვგულშემატკივრობ...“ - განაცხადა მან.

პაატა სალია კი აცხადებს, რომ ჟურნალისტების გათავისუფლებას არ მოჰყვება „კატასტროფა“. მისი თქმით არხი დარჩება კრიტიკული. "არხი გააგრძელებს მუშაობას, იქნება ისევე კრიტიკული და კიდევ უფრო მეტად კრიტიკული, უფრო მეტად არგუმენტირებულად კრიტიკული, ვიდრე ეს იყო მანამდე".

პაატა სალია "რუსთავი 2" დირექტორის პოსტს 18 ივლისიდან იკავებს. ამ დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე. სტრასბურგის გადაწყვეტილებამ აღიარა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დამდგარი განაჩენი. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა, რის შემდეგაც ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი, პაატა სალია დაინიშნა.

მოგვიანებით, ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ 9 პროცენტიანი წილის ფლობელმა ნინო ნიჟარაძემ უჩივლა. გვარამიას ბრალადა, პროკურატურის ინფორმაციით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თანხების მითვისება და ქონების გადამალვა ედება. ნიკა გვარამია ამ ბრალდებებს უარყოფს. მან განაცხადა, რომ ის ახალი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ შექმნას გეგმავს.

რუსთავი 2“-ის საქმის გადაწვეტასთან ერთად, ქიბერ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეარხი იყიდება. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ ტელეკომპანას მყიდველი ერთი კვირის განმავლობაში არ გამოუჩნდა, ამიტომ მან არხის გაყიდვა გადაიფიქრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG