ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლაშა ტუღუში: იხსნება გზა რუსული პოლიტიკური ძალებისთვის


რუსთავი-2-ის ირგვლივ შექმნილი რეალობა რომ დემოკრატიული განვითარების და მიღწეული პროგრესის დაკარგვის რისკზე მეტყველებს, ამაზე გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუშიც მიუთითებს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თემა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დარჩა მხოლოდ ერთი ტელევიზიის შიდა საკითხად. ამასთან მან არა მხოლოდ მედია სივრცში არსებული ვითარება, მედიის წინაშე მდგარი გამოწვევები და საფრთხეები ასახა, არამედ ქვეყნის მომავალი განვითარების, წინსვლისა და მუხრუჭის ღილაკებამდეც მიაღწია და ძირითად ვექტორებს შეეხო.

რუსთავი 2-ის საკითხი ყოვლისმომცველ გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე. ხელისუფლება და ოპოზიცია მაქსიმალურად დაძაბულ რეჟიმში ოპონირებით არიან დაკავებულები და ამის მიზეზი რუსთავი 2-ია. ხელისუფლება ამბობს, რომ ის იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას, ოპოზიციაც ანალოგიურ პრეტენზიას აცხადებს. ხელისუფლება ამბობს, რომ ის ერთგული რჩება დასავლური ღირებულებებისადმი. ოპოზიციაც ანალოგიურს დეკლარირებს.

ამჟამინდელ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის დავის ფონზე საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკვე შიმშილობის აქციები იმართება დაკარგული დემოკრატიისა და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით და მათი ორგანიზატორი სულ სხვა ძალაა. ძალა, რომელსაც პრეტენზია დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებაზე, დეკლარირებულადაც კი არასდროს გამოუთქვამს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე შექმნილი რეალობა რომ დემოკრატიული განვითარებისა და ყველა აქამდე მიღწეული პროგრესის დაკარგვის რისკზე მეტყველებს, ამაზე ამერიკის ხმასთან საუბარში გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუშიც მიუთითებს.

მისი თქმით, არსებულ და ყოფილ ხელისუფლებებს შორის დავა, ასევე მედიის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები ნოყიერ ნიადაგს ქმნის იმ ძალებისთვის, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია საქართველოზე, როგორც საკუთარი ექსკლუზიური გავლენის სფეროზე და რომელიც დღემდე უამრავ რესურს ხარჯავს მეტი პოპულარობის მიღწევისთვის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. „შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ დიდი ხანია არც ახსოვდათ საქართველო, დიდი ხანი არაფერი იწერებოდა ჩვენზე და ახლა გავახსენეთ თავი იმით, რომ ჩვენთან მედიის თავისუფლება იზღუდება. ამ ვითარებაში, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მეტი დასავლური ელემენტები გაჩნდეს, მეტი დასავლური სისტემა შემოვიდეს, ყველაფრის დისკრედიტაციის შედეგად ვიღებთ სურათს, როდესაც არა-დასავლური მიმართულების პოლიტიკური ძალების შესაძლებლობები იხსნება, მათ ხელები ეხსნებათ და მე ძალიან მეშინია. მომავალი არჩევნები სწორედ ამ ნიშნით იქნება, ანუ რუსული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ძალები შემოვლენ და მათი ხმა შეიძლება უფრო ძლიერი იყოს. ესა დღეს პრობლემა, ჩემი აზრით,“- ამბობს ლაშა ტუღუში.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უფლებამოსილება აღუდგინა. რევაზ საყევარიშვილს კი, რომელიც მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით აქამდე ტელევიზიის დროებით მმართველად იყო დანიშნული, უფლებამოსილება შეუჩერდა. დავით დვალს, ასევე დროებით მმართველს, იმავე მოსამართლემ უფლებამოსილება გაუუქმა. ამით სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რუსთავი 2-ის ადვოკატების საჩივარი. ეს გადაწყვეტილება ძალაშია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი გიორგი გოცირიძე აცხადებს: „ჩვენ უნდა გავეცნოთ სასამართლოს განჩინებას და გავარკვიოთ, როგორ გაიმიჯნება უფლებამოსილების ფარგლები ნიკა გვარამიასა და რევაზ საყევარიშვილს შორის. თუკი რეზო საყევარიშვილს კვლავ დარჩება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის შესაძლებლობა, ეს იქნება ძალიან ცუდი და ეს იქნება სწორედ მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევა.“

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს ის, რომ მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვა თოვლიანი მწვერვალიდან დაგორებული გუნდის ეფექტს შეიძენს, რომელსაც ზვავის გამოწვევა შეუძლია.

XS
SM
MD
LG