ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა მოქალაქეთა ნაწილს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა


რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებსაც საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ, შეტყობინების მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში, პასპორტები ხელისუფლებას უნდა გადასცენ. ამ პროცედურის შესახებ მთავრობის დადგენილება ძალაში დღეს, 11 დეკემბერს შედის.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, ხელისუფლებას შეუძლია საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალოს წვევამდელებს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების, მსჯავრდადებულებს, სახელმწიფო საიდუმლოების ან „განსაკუთრებული მნიშვნელობის ინფორმაციის“ მფლობელ პირებს.

ხელისუფლებისთვის პასპორტების ჩაბარება მათ გამცემ ორგანოებში, ზოგიერთ შემთხვევაში კი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ან საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა მოხდეს.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სამოგზაურო აკრძალვის დასრულების შემდეგ, პასპორტი მფლობელს განაცხადის შევსებისთანავე შეიძლება დაუბრუნდეს.

მათ, ვისაც დროებით შეეზღუდა მოგზაურობის უფლება სამხედრო ან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში გაწვევის საფუძველზე, დამატებით უნდა წარადგინონ დამადასტურებელი საბუთი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, ნათქვამია დადგენილებაში.

მარტში, გამოცემა "ფაინანშალ ტაიმსმა" ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურმა, მაღალჩინოსნებსა და სახელმწიფო კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს, საზღვარგარეთ გამგზავრებისგან თავის ასაცილებლად, პასპორტები ჩამოართვა.

XS
SM
MD
LG