ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

GMF: რუსეთი 2004 წლის შემდეგ 27 ქვეყნის არჩევნებში ჩარევას შეეცადა


ამერიკის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს (BBG) ხელმძღვანელი, ჯონ ლანსინგის ჩვენება კონგრესში
ამერიკის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს (BBG) ხელმძღვანელი, ჯონ ლანსინგის ჩვენება კონგრესში

გერმანიის მარშალის ფონდის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2004 წლის შემდეგ, რუსეთი 27 ქვეყნის არჩევნებში ჩარევას შეეცადა. ჩარევის მცდელობები მოიცავს ფეისბუქზე, ტვიტერზე და სხვა სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის კამპანიას, კიბერ-შეტევებს და სხვა არა-ციფრულ მეთოდებს. ამერიკის კონგრესში „ჰელსინკის კომისიის“ მოსმენაზე, რუსეთის დეზინფორმაციის კამპანიის ფორმასა და შინაარსზე ისაუბრეს.

„აქტიური ქმედებების საშუალებით, რომელიც მოიცავს დასავლურ არჩევნებში აგრესიულ ჩარევას, რუსეთი ცდილობს გაყიდოს შიში, უთანხმოება და პარალიზება, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ასუსტებს დასავლურ ალიანსებს, როგორიცაა ნატო და ევროკავშირი“, - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა კორი გარდნერმა.

ამერიკის შეშფოთება, რუსეთის მიერ პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელების თაობაზე, ხშირად რუსულ მედია საშუალება „რაშა თუდეის“ და მის შვილობილ, „სპუტნიკს“ უკავშირდება. ორი დღის წინ, "რაშა თუდეის" განცხადებით, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა, კომპანიას, რომელიც „რაშა თუდეის“ ამერიკაში გადასცემს მოსთხოვა „უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის" (FARA) აქტის შესაბამისად რეგისტრაცია გაიაროს.

FARA კონგრესმა 1938 წელს მიიღო და ის ნაცისტური პროპაგანდის გამოვლენას ისახავდა მიზნათ. ამ აქტით ყველა პირი, რომელიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნის მთავრობასთან ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს საკუთარი კავშირების შესახებ. რეგისტრაციის შემთხვევაში, "რაშა თუდეის" და "სპუტნიკს" მოუწევთ თავიანთ მსმენელებს გაუმხილოს, რომ მათ რუსეთის მთავრობა აფინანსებს.

კონგრესში ჩვენებით წარსდგა, ამერიკის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს (BBG) ხელმძღვანელი, ჯონ ლანსინგი. მაუწყებელთა მმართველი საბჭო ამერიკის მედია კონგლომერატია და სხვებთან ერთად "ამერიკის ხმას" და "რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას" მოიცავს. ლენსინგის განცხადებით, აშშ რუსულ პროპაგანდას მხოლოდ ობიექტური ინფორმაციით უნდა დაუპირისპირდეს.

„ამერიკის შეერთებული შტატები პროპაგანდას არ აკეთებს“, - განაცხადა ლანსინგმა. „ჩვენ გვაქვს თავდაცვითი მექანიზმები, რომლებიც დამოუკიდებელ სარედაქციო გადაწყვეტილებებში მთავრობის ჩარევას შეუძლებელს ხდის“, - დაამატა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG