ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსებმა მესაზღვრეები დააბრუნეს, მშვიდობიანი მოქალაქე კი გაიტაცეს


საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე ინციდენტი დაფიქსირდა. საქართველოს სასაზღვრო ძალების ორი თანამშრომელი სამი დღის განმავლობაში გაუჩინარებული გახლდათ. ამის თაობაზე ინფორმაცია კი მხოლოდ გუშინ გასაჯაროვდა. გუშინვე რუსული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ მესაზღვრეებს დღეს დააბრუნებდნენ. კობა მაჭარაშვილი და გიორგი კერესელიძე დღეს უკვე ლაგოდეხში, სამუშაო ადგილას იმყოფებიან. თემურ კეკელიძე სასაზღვრო დაცვის პოლიციის უფროსი ამბობს, რომ გაურკვეველი შემთხვევაა და მოკვლევის გარეშე არაფრის თქმა არ შეუძლია, მათ შორის, ვერ იტყვის იმასაც, რამდენად შეიძლება ეწოდოს მესაზღვრეების გაუჩინარებას გატაცება. უცნობია ასევე ისიც, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს მესაზღვრეები, თუ არა. „27 ივნისს მოხდა მათი გასვლა განწესში, სასაზღვრო პოსტის დროებითი საგუშაგოს გახსნის მიზნით საქართველო–რუსეთის საზღვრის დაღსტნის მონაკვეთზე.

თვითონ ეს განწესის გზა არის საზღვრის ხაზთან, სადაც, ამ მონაკვეთზე მოხდა მათი შეჩერება რუსი მესაზღვრეების ჯგუფის მიერ, რომელთაც განაცხადეს, რომ მოხდა საზღვრის დარღვევა და ვითარების გარკვევის მიზნით, გადაიყვანეს რუსული მხარის საგუშაგოზე... მიმდინარეობს მესაზღვრეების გამოკითხვა. მოხდა ის, რაც მოხდა. პროვოკაციას ჰქონდა თუ არა ადგილი, ამას ამ წუთში ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ,“– განაცხადა თემურ კერესელიძემ.

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს, რომ საქართველო–რუსეთს შორის საზღვრები არაა დემარკირებული და დელიმიტირებული, ამიტომაც ეს წლების განმავლობაში პრობლემებს ქმნის. მისივე თქმით, რუსეთთან საზღვრის მთელ პერიმეტრზე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების გამოკლებით, 90–იანი წლებიდან დღემდე არაერთხელ შექმნილა სახიფათო ვითარება. ხევსურეთში, ყაზბეგის რაიონში, მამისონის უღელტეხილზე... სხვადასხვა სოფლების თაობაზე ქართულ საზოგადოებას მოუსმენია სახითაფო სიგნალები. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საზღვართან არსებულ პრობლემებზე ღიად არასდროს საუბრობს: „ხევსურეთში, სოფელი ფიჭვები რუსებმა 98 წელს დაიკავეს, შემდეგ, ყაზბეგის რაიონში ჩვენი ადმინისტრაციული საზღვრის უკან ჩამოწევა მოხდა, დაახლოებით 800 მეტრით დავიხიეთ უკან, შემდეგ იყო ცნობილი მოვლენები მამისონის უღელტეხილთან დაკავშირებით, ასევე დიკლოსთან, ახმეტის რაიონში, თუშეთში, მისი მიმდებარე ტერიტორიაც მიითვისეს რუსებმა. საზღვარი არაა დემარკირებული და დელიმიტირებული რუსეთის ფედერაციასთან.

მხოლოდ მესაზღვრეები კი არ არიან გაურკვეველ მდგომარეობაში, ასეა მოსახლეობაც, რადგან ხალხმა არ იცის, სადაა საზღვარი ზუსტად. დაკავებულიდან ერთ–ერთი მესაზღვრე ძალიან გამოცდილი იყო, მაგრამ შესაძლოა, მასაც არეოდა გზა. აქაა მანილუპირება სხვადასხვა რუკებით, სხვადასხვა მიდგომებით, არ არსებობს შეთანხმებული რუკა, არ არის დემარკირებული საზღვარი და ამიტომაც ხდება ასეთი უბედურებები.“

რა არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს სასაზღვრო ზონა აქამდე დემარკირებული და დელიმიტირებული არაა, თუ არ ჩავთვლით თურქეთთან საზღვრის მონაკვეთს და სანახევროდ დემარკირებულ საზღვარს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ამის თაობაზე მამუკა არეშიძე ამბობს: „საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, რუსეთი და ყველა დანარჩენი რესპუბლიკა შეთანხმდა იმაზე, რომ ქვეყნების საზღვრები უნდა დამთხვეოდა ყოფილ ადმინისტრაციულ საზღვრებს. მას შემდგომ ქვეყნებმა ერთმანეთს შორის დაიწყეს მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ ეს საზღვრები საერთაშორისო სამართლით დაცული ყოფილიყო. მათ შორის, დაიწყეს მოლაპარაკებები საქართველომ და რუსეთმა, მაგრამ შეჩერდა პროცესი. დღეს ამის თაობაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, დღეს საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის, ოფიციალურ დონეზე, დემარკირებულ–დელიმიტირებული, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, არ არსებობს“.

მაინცდამაინც რუსეთთან საზღვრის დემარკაციის პრობლემაზე მსჯელობისას მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველო რუსეთთან არის სულ კონფრონტაციულ მდგომარეობაშია. საბოლოო ჯამში კი ეს საკითხი კავშირშია საქართველოს დასავლურ არჩევანთან. „ხევსურეთში ტერიტორია შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში დაიკარგა, მამისონისა და დიკლოს თემა სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო.. ყველა ხელისუფლება ცდილობდა არ გაემწვავებინა რუსეთთნ ურთიერთობა, რომ არ მიეღო შესაბამისი აგრესია. ვიდრე 2008 წლის ომი მოხდებოდა, საქართველოს ხელისუფლება სულ ცდილობდა რუსეთი დაეყოლიებინა დელიმიტაციასა და დემარკირებაზე, მაგრამ რუსები ამაზე არ მოდიოდნენ, ან ფეხს ითრევდნენ. რუსეთი ამ ყველაფერს იყენებს საქართველოზე ზეწოლისთვის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოსა და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თაობაზე, ჩვენ მხოლოდ დაკარგული ტერიტორიების პრობლემა კი არ გვაქვს, ჩვენ ასევე გვაქვს საზღვრის დემარკაცია–დელიმიტაციის პრობლემაც,“ – გვეუბნება მამუკა არეშიძე.

ზურა აგლაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ამერიკის ხმასთან ამბობს: „ჯერ არ ვიცით, სინამდვილეში რა მოხდა მესაზღვრეების დაკავების დროს. ყველაზე მნიშვნელოვანია გაირკვეს, სად მოხდა მათი დაკავება. ჩვენ არ გვაქვს საზღვარი დემარკირებული რუსეთთან. რაღაც მონაკვეთებს რუსები თავისად თვლიან, ჩვენ ჩვენად მივიჩნევთ და ეს გაურკვევლობას იწვევს, როდესაც ჩვენი და მათი მესაზღვრეები მოძრაობენ საზღვრის განაპირას. თუ დადასტურდა, რომ ღრმად შემოვიდნენ ჩვენ ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეები და არა რაღაც საკამათო ტერიტორიაზე, ჩვენი რეაგირება გაცილებით სხვანაირი უნდა იყოს საერთაშორისო დონეზე. თუმცა ეს ყველაფერი ჯერ ვარაუდებია, რადგან სრული ინფორმაცია არ გვაქვს. ძალიან ცუდი იქნება, თუ ისეთ ტენდენციას მივიღებთ მთლიანად რუსეთ–საქართველოს საზღვარზე და რუსები გააგრძელებენ პოლიტიკას, როდესაც ჩვენი საზღვრიდან არა მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას იტაცებენ, როგორც ეს შიდა ქართლში გვაქვს სახეზე, არამედ ოფიციალური პირებს – მესაზღვრეებსაც. ამიტომ, ეს ერთჯერადი ფაქტი გამოსაკვლევია ჯეროვნად.“

რუსი მესაზღვრეების მიერ დღეს მორიგი გატაცების შემთხვევა დაფიქსირდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოდან, საიდანაც ადგილობრივი მკვიდრი, გოგა ღარიბაშვილი გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG