ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიკოლაივის დაბომბვა, ნატოს დახმარება და საუბარი პეკინთან - სიახლეები უკრაინიდან


მიკოლაივი, უკრაინა. 27 აპრილი, 2023 წ.
მიკოლაივი, უკრაინა. 27 აპრილი, 2023 წ.

იერიში მიკოლაივზე

27 აპრილს, რუსეთი უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ მიკოლაივს ადრე დილიდან უტევდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი და დაშავდა 23.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ტელეგრამზე" დაწერა, რომ რუსეთის მხრიდან სარაკეტო იერიში მთელი ღამე გრძელდებოდა. მისი თქმით, მიკოლაივის ბომბარდირება შავი ზღვის მხრიდან ხდებოდა.

სარაკეტო იერიშების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის ბინები. რუსეთი გამუდმებით უარყოფს იმას, რომ სამიზნეში უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა ჰყავს ამოღებული და აცხადებს, რომ იერიში მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე მიაქვს.

ნატოს დახმარება

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინამ უკვე მიიღო ნატოს მოკავშირეებისგან და პარტნიორებისგან დაპირებული საბრძოლო მანქანების 98%. მათ შორისაა 1 550 ერთეული ჯავშანტექნიკა და 230 ტანკი.

განცხადება სტოლტენბერგმა ხუთშაბათს, 27 აპრილს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ნატომ ასევე გაწვრთნა და აღჭურვა უკრაინის შეიარაღებული ძალების 9-ზე მეტი ბრიგადა. ეს კი "უკრაინას ძლიერ პოზიციაში აყენებს, რათა მათ გააგრძელონ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება" - აღნიშნავს ნატოს გენერალური მდივანი.

სტოლტენბერგი "მიესალმება" სატელეფონო საუბარს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. თუმცა, ის იქვე დასძენს, რომ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩინეთს რუსეთის უკრაინაში შეჭრა ჯერ კიდევ არ დაუგმია.

კიევს და პეკინს შორის საუბარი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მას ჩინელ კოლეგასთან ოთხშაბათს "ხანგრძლივი და შინაარსიანი" საუბარი ჰქონდა. ვოლოდიმირ ზელენსკი და სი ძინპინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ პეკინი კიევში საგანგებო წარმომადგენლებს გააგზავნის. ეს სავარაუდოდ პირველი ნაბიჯი იქნება ჩინეთის სამშვიდობო მცდელობის, რათა შეწყდეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.

"ტვიტერზე" გაკეთებულ კომენტარში, ზელენსკის თითქმის ერთსაათიანი საუბრის სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია. რამდენადაც ცნობილია, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 14 თვის განმავლობაში, ეს ჩინეთს და უკრაინას შორის უმაღლეს დონეზე გამართული პირველი დიალოგია.

"მჯერა, რომ ეს ზარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის ჩინეთში დანიშვნა, ძლიერ სტიმულს მისცემს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას" - განაცხადა ზელენსკიმ. მოგვიანებით, თავის ვებგვერდზე უკრაინის პრეზიდენტმა საუბარს "პროდუქტიული" უწოდა.

სი ძინპინი აპრილის დასაწყისიდან ამბობდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარი სურდა. უკრაინის პრეზიდენტი კი ჩინელ კოლეგას გამუდმებით სთხოვდა შეხვედრას, მას შემდეგაც, რაც სი ძინპინი მოსკოვს ესტუმრა და იქ რუსეთთან "ულიმიტო პარტნიორობის ახალ ერაზე" ისაუბრა.

ბოლო თვეების განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებში იზრდებოდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ჩინეთი მოსკოვს იარაღით დაეხმარებოდა. ამერიკამ არაერთხელ გააფრთხილა პეკინი, რომ თავი შეეკავებინა რუსეთთან ამგვარი სამხედრო პარტნიორობისგან. პეკინმა რამდენიმე თვის წინ ე.წ. სამშვიდობო გეგმაც წარმოადგინა, თუმცა მასში ომის დასრულების კონკრეტული გზები ან ნაბიჯები განსაზღვრული არ ყოფილა. ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთს ესტუმრნენ საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრიც. პეკინმა განაცხადა, რომ ის რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG