ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუს ადვოკატს, რომელიც მალერის გამოძიებაში ფიგურირებს, ბრალი წაუყენეს


ამერიკის ფედერალურმა სასამართლომ რუს ადვოკატს ნატალია ვესელნიტსკაიას ბრალი მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლისთვის წაუყენა. საუბარია კრემლთან დაკავშირებულ რუსეთის მოქალაქე ქალზე, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან, სავარაუდო, გარიგების საქმეში ფიგურირებს.

ვესელნიტსკაიას, რომელიც ახლა რუსეთში იმყოფება, ბრალი ედება რუსეთის მთავრობასთან საიდუმლო თანამშრომლობაში და აგრეთვე, საბუთების გაყალბებაში. ის რუსეთის სამთავრობო პროკურორთან ერთად შექმნილი ყალბი საბუთით, თავს რუსული ფირმის წარმომადგენლად ასაღებდა, რომელსაც ამერიკის მთავრობა ფულის გათეთრებაში სდებდა ბრალს.

43 წლის ადვოკატი მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოხვდა, რაც გაირკვა, რომ ის 2016 წელს გამართულ შეხვედრაზე, ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის წევრებს ესაუბრა. ნიუ-იორკში, 2016 წლის ივნისში, ვესელნიტსკაიასთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილი - დონალდ ტრამპ უმცროსი და საპრეზიდენტო კამპანიის სხვა წევრები. შეხვედრის მონაწილეთა შორის სახელდებიან ჯარედ კუშნერი, ტრამპის ქალიშვილის, ივანკას მეუღლე და საარჩევნო კამპანიის თავმჯდომარე პოლ მანაფორტი.

პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა მოგვიანებით გამოაქვეყნა ელექტრონული მიმოწერა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ის რუს ადვოკატთან შეხვედრას დათანხმდა, რადგან ვესელნიტსკაია მას წარუდგინეს, როგორც რუსეთის მთავრობის შუამავალი. ადვოკატს, წინასწარი ინფორმაციით, ტრამპის კამპანიისთვის მოწინააღმდეგე ბანაკის ლიდერის, დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მაკომპრომეტირებელი, მისი დამაზიანებელი ინფორმაცია უნდა გადაეცა.

შეხვედრის დეტალებს და მხარეებს შორის სავარაუდო გარიგებას სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი იძიებს. მალერის ოფისი გამოძიების თაობაზე კომენტარს არ აკეთებს.

პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ეს "სრულიად ლეგალური" შეხვედრა იყო და "პოლიტიკაში ასეთი რამ ჩვეულებრივი ამბავია". თავად ვესელნიტსკაია ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ თავის "პროფესიულ ღირსებას დაიცავს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG