ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ეხმარებოდა კრემლი ტრამპს გამარჯვებაში - ოქსფორდის უნივერსიტეტის ანგარიში


ამერიკის სენტისთვის წარდგენილი ანგარიში ოქსფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული პროპაგანდის პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მასში ანალიტიკური ფირმა "გრაფიკაც" მონაწილეობდა. "ვაშინგტონ პოსტს" ანგარიშის გადახედვის საშუალება ჰქონდა და აცხადებს, რომ ამ ანგარიშის მიხედვით, რუსეთმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის დასახმარებლად ყველა წამყვანი სოციალური მედია გამოიყენა, რისთვისაც ფართო სადეზინფორმაციო კამპანია გააჩაღა.

პუბლიკაცია ანგარიშის შესახებ "ვაშინგტონ პოსტში" კვირას გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, სხვადასხვა მეთოდებს შორის, კრემლი ასევე ცდილობდა სამიზნეში ფერადკანიანი და ლიბერალური ჯგუფებიც ამოეღო, რათა მათ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დაეკარგათ. სამიზნეში ასევე იყვნენ ქალები, ეთნიკური უმცირესობები, იმიგრანტები, ვეტერანები და სხვა ჯგუფები. მათ გამიზნულად აბნევდნენ არეული და არასწორი საარჩევნო ინფორმაციით, მათ შორის იმაზე, თუ როგორ უნდა მიეცათ ხმა არჩევნებზე.

რუსულმა ჯგუფმა "ინტერნეტის კვლევის სააგენტო" (IRA) სოციალურ მედიაზე გავლენის მეთოდების ტესტირება ამერიკაში ჯერ კიდევ 2009 წლის ადგილობრივ არჩევნებზე დაიწყო. სააგენტომ ოპერაციები მნიშვნელოვნად გაზარდა 2013 წელს და განსაკუთრებით გააქტიურდა 2016-ში, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე. "ტვიტერთან" და "ფეისბუქთან" ერთად, რუსეთი წარმატებით იყენებდა "იუთუბის" და "ინსტაგრამის" ანგარიშებსაც.

ანგარიშის მიხედვით, აშკარად იკვეთება, რომ რუსული ჯგუფი რესპუბლიკური პარტიის ნომინანტს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატს, დონალდ ტრამპს ეხმარებოდა. ანგარიში ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებსაც აკრიტიკებს "დაგვიანებული და არაკოორდინირებული რეაქციისთვის", როცა აშკარა გახდა, რომ საქმეში გამიზნული დეზინფორმაცია ფიგურირებდა. ამ კომპანიებმა დაწყებული გამოძიების შემდეგ, ძიებას ინფორმაცია დროულად არ გაუზიარეს.

"ვაშინგტონ პოსტის" წერილში ასევე ნათქვამია, რომ მათ შესთავაზეს "ფეისბუქს" და "გუგლს" ბრალდებებზე ეპასუხათ, თუმცა ჯერ პასუხი არ მიუღიათ. "ტვიტერი" აცხადებს, რომ მათთან "2016 წლის არჩევნების შემდეგ ციფრული დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა".

შეერთებულმა შტატებმა 2016 წლის არჩევნებზე ჩარევისთვის უკვე წაუყენა ბრალი რუსეთის "ინტერნეტის კვლევის სააგენტოს". სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი ტრამპის კამპანიის რუსეთთან შესაძლო გარიგების გამოძიებას აგრძელებს. თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გარიგებას კატეგორიულად უარყოფს და მას გამუდმებით "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG