ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადვოკატი: რუსეთთან დაკავშირებით, ტრამპი სიმართლეს არ ამბობს


მაიკლ კოენი და დონალდ ტრამპი
მაიკლ კოენი და დონალდ ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი, მაიკლ კოენი აცხადებს, რომ პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, რუსეთთან კავშირების შესახებ, სიმართლეს არ ამბობს. კოენს ოთხშაბათს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ტელეარხ „ABC”-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა ამერიკა“, კოენმა კითხვაზე, სიმართლეს ამბობს თუ არა ტრამპი სპეციალურ გამომძიებელ რობერტ მალერთან, „ყველაფერზე რუსეთთან დაკავშირებით“, უპასუხა, რომ „არა“. კოენის თქმით, მან სიჩუმის სანაცვლოდ, ორ ქალს ფული იმ მიზეზით გადაუხადა, რომ ტრამპი „ძალზედ შეშფოთებული იყო, თუ როგორ აისახებოდა ეს არჩევნებზე“, თუ ბრალდებები გამოაშკარავდებოდა.

ამერიკის ფედერალურმა მოსამართლემ კოენს განაჩენი სხვადასხვა დანაშაულზე გამოუტანა. მათ შორის, ორი ქალის გაჩუმებისთვის, რომელთაც პრეზიდენტთან სავარაუდო ურთიერთობა ჰქონდათ, ფულის უკანონოდ გადახდის საქმეზე და კონგრესის წინაშე, მოსკოვში ტრამპის უძრავი ქონების მშენებლობის საქმეზე სიცრუისთვის.

კოენმა აღიარა, რომ პორნო ვარსკვლავ სტორმი დანიელსს და „ფლეიბოის“ მოდელ კარენ მაკდუგალს 280,000 დოლარი გადაუხადა და რომ ეს თანხა კამპანიის შემოწირულობად არ იქნა დარეგისტრირებული. კოენმა ასევე აღიარა ბრალი კონგრესის წინაშე სიცრუეში.

კამპანიის დაფინანსების კანონის მიხედვით, საარჩევნო შემოწირულობები უნდა გასაჯაროვდეს და ინდივიდუალური შემოწირულობა 2700 დოლარს არ უნდა აღემატებოდეს.

კოენი ტრამპმთან 12 წლის მანძილზე მუშაობდა. წარსულში ის აცხადებდა, რომ ის მზად იყო ტრამპისთვის „სიცოცხლე გაეწირა“. თუმცა, მას შემდეგ, რაც ის დანაშაულში ამხილეს, ადვოკატი პრეზიდენტის წინააღმდეგ წავიდა.

სასამართლოში განაჩენის გამოცხადებისას, მან თქვა, რომ ტრამპთან მუშაობა „პირადი და მენტალური ტყვეობა“ იყო. კოენი პრეზიდენტ ტრამპის უახლოესი პირია, რომელიც ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის გამოძიებასთან დაკავშირებით, დამნაშავედ ცნეს.

პროკურორების თქმით, კოენი ტრამპის დავალებით მოქმედებდა. იურისტები საუბრობენ იმაზე, რომ კოენის განაჩენმა შესაძლოა პრეზიდენტის წინააღმდეგ პოტენციურად საქმის აღძვრა გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის წესების მიხედვით, თანამდებობაზე ყოფნისას, პრეზიდენტი ვერ იქნება დამნაშავედ ცნობილი.

სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" პრეზიდენტი კოენის საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კოენი „მხოლოდ საკუთარი განაჩენის შემცირებას ცდილობდა“ და ასე ამიტომ მოიქცა.

კოენმა კი ნიუ-იორკის მოსამართლეს განუცხადა, რომ „ბრმა ერთგულებამ“ ამერიკის ლიდერის მიმართ ის „მის ბინძურ ქმედებებზე ხელის დაფარებამდე“ მიიყვანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG