ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კადიროვის მიერ უფლებების დარღვევას ჩქმალავს


რუსეთი - ჩეჩნეთი, გროზნო, 2020 წლის 26 მაისი: ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი უძღვება ჩეჩნეთის საგანგებო რეაგირების კომიტეტის შეხვედრას, რომელსაც კორონავირუსის პრევენცია და კონტროლი ევალება.

20 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს რამზან კადიროვს ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის ახალი სანქციები დაუწესა.

„ეს სანქციები კადიროვს დაუწესდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში მონაწილეობის გამო“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ფლობს სანდო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა უამრავ უხეშ დარღვევაზე, მათ შორის წამებასა და გასამართლების გარეშე მკვლელობებზე.“

რამზან კადიროვს სანქციები დაწესებული 2017 წლიდან აქვს. თუმცა, ეს ახალი სანქციები მისი ოჯახის წევრებზეც ვრცელდება, კერძოდ, კადიროვის ცოლზე, მედნი კადიროვაზე და ორ ქალიშვილზე, აიშატ და კარინა კადიროვებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, მსგავსი ზომები მიიღონ კადიროვისა და მისი ოჯახის მიმართ.

23 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ეჭვი შეიტანა კადიროვის ოჯახზე სანქციის დაწესების დასაბუთებაში და განაცხადა, რომ მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი.

„ერთ, ჩემი აზრით, ძალიან კანონზომიერ კითხვას დავსვამდი: რა კავშირი აქვს რ. ა. [რამზან ახმადის ძე] კადიროვის უახლოეს ნათესავებს კადიროვისთვის მიწერილ დარღვევებთან?“ თქვა ზახაროვამ. „სრულიად გაუგებარია. არ ვაპირებ ამ გამოგონილი ბრალდებების კომენტირებას. მეტიც, ტრადიციულად, არ არსებობს არც მტკიცებულებები და არც არგუმენტები.“

განცხადება მტკიცებულებების არარსებობის შესახებ სიცრუეა: მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს კადიროვის და ჩეჩნეთის მონაწილეობაზე ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებში, უამრავია. სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასახელა „დაშინება და დევნა, თვითნებური დაკავება ან უკანონო პატიმრობა, წამება, იძულებითი გაუჩინარება და გასამართლების გარეშე მკვლელობა“.

ახალი სანქციები ერთობლივ განცხადებას მოყვა, რომელიც აშშ-მა, კანადამ და ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ 26 მაისს გამოაქვეყნეს. განცხადებაში გაკრიტიკებულია რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე უმოქმედობის გამო, რომლებიც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) დოკუმენტურად აღრიცხა.

2018 წლის ანგარიშში ეუთო-ს სპეციალური მომხსენებელი ვოლფგანგ ბენედეკი თვითნებური დაპატიმრების და დაკავების „უამრავ“ მტკიცებულებაზე საუბრობს, რა დროსაც მსხვერპლებს „აღიარებითი ჩვენებების იძულებით მოპოვების მიზნით, სისტემატურად სცემდნენ პლასტმასის მილებით, პოლიციის ხელკეტებით თუ კაბელებით, ასევე, მათზე იყენებდნენ ელექტროშოკს“.

„ინფორმაცია, რომლის მოპოვებასაც ასეთი აღიარებით ცდილობდნენ, ხშირად ეხებოდა ლგბტ ადამიანების ან სავარაუდო ნარკომოვაჭრეების სახელებს და სხვა დეტალებს,“ წერია ანგარიშში. დაკავებულებს პატიმრობიდან თავის დახსნა მხოლოდ სხვების შესახებ ინფორმაციის გაცემით ან გამოსასყიდის გადახდის პირობით შეეძლოთ.

მკვლელები და მტრები

43 წლის კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მართვის სადავეები ხელში 2004 წელს მისი მამის, ახმად კადიროვის მკვლელობის მერე აიღო. მას შემდეგ მისი მმართველობის დამახასიათებელი ნიშანი პოლიტიკური კონკურენტების და კრიტიკოსების იძულებითი გაუჩინარება და შეკვეთილი მკვლელობებია როგორც ჩეჩნეთის და რუსეთის ტერიტორიებზე, ასევე მათ ფარგლებს გარეთ.

რამდენიმე ბოლოდროინდელი მკვლელობა, რომლებიც ჩეჩნეთის ლიდერს უკავშირდება:

  • 4 ივლისს ავსტრიაში, ვენის გარეუბანში, კადიროვის კრიტიკოსი მამიხან უვაროვი მოკლეს. ავსტრიის პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც „რუსეთის მოქალაქედ“ მოიხსენია.
  • თებერვალში შვედეთში ჩეჩენ ბლოგერს ტუმსო აბდურახმანოვს თავს დაესხნენ მის ბინაში, მაგრამ ის გადარჩა. თავდამსხმელმა აბდურახმანოვს უთხრა, რომ იყო „მოსკოვიდან“ და მისი დედა „მათ“ ჰყავდათ.
  • იანვარში ექსცენტრული ბლოგერი და ჩეჩნეთის ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსი იმრან ალიევი სასიკვდილოდ დაჭრეს საფრანგეთის ქალაქ ლილის ერთ-ერთ სასტუმროში.
  • 2019 წლის აგვისტოში ჩეჩენი ლტოლვილი და ყოფილი მეამბოხე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გერმანიის პოლიციის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილს რუსული პასპორტი და რუსეთში დასაბრუნებელი თვითმფრინავის ბილეთი ჰქონდა.

2009 წელს სამი გახმაურებული მკვლელობა მოხდა - ერთი ნორვეგიაში, მეორე ავსტრიაში და მესამე დუბაიში. დუბაიში ჩეჩენი ყოფილი საველე მეთაური სულიმ იამადაევი მოკლეს, რომლის ორგანიზებაშიც ადგილობრივმა პოლიციამ კადიროვის მრჩეველი და ბიძაშვილი ადამ დელიმხანოვი დაადანაშაულა.

კადიროვის კრიტიკოსები, რომლებზეც თავდასხმა უცხოეთში მოხდა. წყარო: რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება
კადიროვის კრიტიკოსები, რომლებზეც თავდასხმა უცხოეთში მოხდა. წყარო: რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება

2015 წელს კრემლთან ახლოს რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ კადიროვმა ამ დანაშაულში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს ზაურ დადაევს, რომელმაც მკვლელობა აღიარა, მამაცი ჯარისკაცი და „რუსეთის პატრიოტი“ უწოდა.

კადიროვს უკავშირებენ ასევე 2006 წელს რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობას, რომელიც ჩეჩნეთის ომებზე წერდა.

ვენაში მამიხან უმაროვის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა თქმით, რომლებიც მის ნათესავებად აცხადებდნენ თავს, მკვლელობა იმიტომ ჩაიდინეს, რომ რცხვენოდათ, უმაროვი კადიროვს რომ შეურაცხყოფდა.

გამოქვეყნებულ ვიდეოში ისინი კადიროვს პირადად უხდიდნენ ბოდიშს. ასეთი ბოდიში ადამიანებისგან, ვინც საჯაროდ შეურაცხყოფს კადიროვს, ჩეჩნეთში ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ავსტრიაში ჩეჩნური დიასპორის ლიდერმა ბოდიშის ვიდეოს აბსურდი უწოდა და თქვა, რომ ეს ნათესავები აიძულეს, საკუთარ თავზე აეღოთ დანაშაული.

მტრების, ლგბტქ პირების წამება

კადიროვს დიდი ხანია ადანაშაულებენ სავარაუდო მეამბოხეების, ადამიანის უფლებათა დამცველების და გეი და ლესბოსელი პირების წამებასა და კოლექტიურ დასჯაში.

კადიროვი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაჭარბებული ქებითა და მისადმი ლოიალობის მტკიცებით გამოირჩევა. სანაცვლოდ, პუტინს მრავალი ჯილდო აქვს კადიროვისთვის მინიჭებული. მიუხედავად ამისა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (ეფესბე) ჩეჩნეთის ხელმძღვანელთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ერთ-ერთ ცნობილ ინციდენტში 2017 წელს, ეფესბეს ადგილობრივმა სამსახურმა გროზნოში კადიროვის პირადი დაცვის წევრები შენობაში არ შეუშვა. კადიროვმა თავის ქვეშევრდომებს ამ შენობის დალუქვა უბრძანა შესასვლელი კარის საკეტების ელექტროშედუღებით და პერსონალი შიგნით გამოამწყვდია.

ეფესბესა და პოლიციისგან ისმის ბრალდებები, რომ ვერ იძიებენ საქმეებს, რომელთა კვალიც ჩეჩნეთთან მიდის. ერთ-ერთ ასეთ საქმესთან დაკავშირებით, კადიროვმა Instagram-ზე პოსტი დადო, რომელშიც მითითებებს აძლევდა თავის უსაფრთხოების სამსახურს, ცეცხლი გაეხსნათ რუსეთის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებისთვის, თუ ისინი ჩეჩნეთში ოფიციალური ნებართვის გარეშე შემოვიდოდნენ.

ეს პოსტი მან მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ფედერალური სამსახურის თანამშრომლები ჩეჩნეთში ჩავიდნენ ძიებაში მყოფი ერთი კრიმინალის დასაკავებლად.

ჩეჩნეთი - გროზნოში ეროვნული ერთობის დღის აღსანიშნავ მიტინგზე მონაწილეებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის პორტრეტები უჭირავთ. 2019 წლის 4 ნოემბერი.
ჩეჩნეთი - გროზნოში ეროვნული ერთობის დღის აღსანიშნავ მიტინგზე მონაწილეებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის და ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის პორტრეტები უჭირავთ. 2019 წლის 4 ნოემბერი.

კადიროვის შურისძიება

აშშ-ის სანქციების კადიროვის ოჯახზე გავრცელება კიდევ უფრო ურთულებს მას, გვერდი აუაროს სანქციებს, რომელთა სამიზნეცაა და რომლებიც სხვა, პუტინის „ახლო წრედ“ მიჩნეულ მდიდარ რუსებზე დაკისრებულის მსგავსია.

სანქციებით კადიროვს და მისი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა და იქ ქონების ფლობა ეკრძალებათ.

კადიროვმა ახალი სანქციების შესახებ ამბავი მტრულად მიიღო. Telegram-ის პირად არხზე მან ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ავტომატები უჭირავს და ასეთი მინაწერი აქვს: „პომპეო (აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო), ჩვენ ვიღებთ ბრძოლას. ამას უფრო საინტერესო ამბები მოყვება!“

მოგვიანებით, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ცნობით, კადიროვმა გამოაცხადა, რომ პომპეოზე შურს მისი სანქცირებულთა სიაში შეყვანით იძიებს.

ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" ფაქტების დამდგენ პროექტ "პოლიგრაფზე", აქ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG