ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოდესაში, რუსული დრონით თავდასხმის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა


უკრაინის სამხედრო ძალებმა სამშაბათს, 23 აპრილის დილას განაცხადეს, რომ რუსეთმა დრონებით მორიგი თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე. შედეგად, ცხრა ადამიანი დაშავდა შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაში. დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია. რუსული დრონების სამიზნე ასევე იყო კიევი.

დაშავებული ბავშვები, მათ შორის ორი ჩვილი, ჰოსპიტალიზირებულია. საავადმყოფოში გადაიყვანეს ასევე სამი დაშავებული ზრდასრული. ინფორმაციას ამის შესახებ ოდესის რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ კიპერი ავრცელებს.

მისი თქმით, ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებით, სულ მცირე 14 ბინა დაზიანდა.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა სულ 16 დრონი გაუშვა უკრაინაზე თავდასხმისთვის. მათ ასევე გამოიყენეს მოკლე მანძილის ორი ბალისტიკური რაკეტა "ისკანდერი".

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 15 დრონი უკრაინის სამხრეთ ოდესისა და მიკოლაივის, ცენტრალური ჩერკასის და დედაქალაქ კიევის რეგიონის თავზე, განაცხადეს საჰაერო ძალებმა. მათ არ უთქვამთ რა ბედი ეწიათ "ისკანდერებს".

რუსეთის მიერ კიევში გაშვებული ყველა დრონი განადგურდა, განაცხადა დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ და დასძინა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანებების, ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG