ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი: ამერიკის უკრაინისადმი დახმარება ბრძოლის ველზე ვითარებას არ შეცვლის


დმიტრი პესკოვი - კრემლის პრესსპიკერი
დმიტრი პესკოვი - კრემლის პრესსპიკერი

კრემლის განცხადებით, უკრაინისთვის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება, ფრონტის ხაზზე, სადაც ახლა რუსეთი ლიდერობს, ვითარებას არ შეცვლის. განცხადება ორშაბათს, 22 აპრილს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა.

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ 20 აპრილს დაჩქარებული წესით დაამტკიცა 95 მილიარდი დოლარის ოდენობის საგარეო დახმარების ფინანსური პაკეტი, რომელშიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარება შედის. საბიუჯეტო კანონპროექტში უკრაინის ნაწილი 61 მილიარდს შეადგენს.

ამის შემდეგ პაკეტი დასამტკიცებლად შეერთებული შტატების სენატს გადაეცა, სადაც მისი დამტკიცება უახლოეს დღეებში თითქმის გარანტირებულია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ კანონპროექტს დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს.

„რუსეთის შეიარაღებული ძალები აუმჯობესებენ პოზიციებს ფრონტზე... გამოყოფილი თანხა და იარაღი, რომელიც იქნება მიწოდებული, არ შეცვლის ამ დინამიკას“, - განუცხადა პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, ეს მხოლოდ "ახალ მსხვერპლს გამოიწვევს უკრაინის მხრიდან. მეტი უკრაინელი დაიღუპება, უკრაინა უფრო დიდ ზარალს განიცდის".

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 აპრილს ვაშინგტონს მიმართა და მოუწოდა მას, რომ კანონპროექტი რაც შეიძლება სწრაფად აქციოს კანონად და განაგრძოს იარაღის ფაქტობრივი გადაცემა უკრაინისთვის. ზელენსკის თქმით, კიევისთვის პრიორიტეტებს შორი რადიუსის რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები წარმოადგენს. "ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა ნამდვილად გააძლიერებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ჩვენ გვექნება გამარჯვების შანსი", - განაცხადა ზელენსკიმ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG