რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში ჩავიდა და ფრონტის წინა ხაზებთან განლაგებული რუსეთის ჯარების მზაობა შეამოწმა. 4 აგვისტოს ინფორმაცია რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა, თავდაცვის სამინისტროს ცნობებზე დაყრდნობით გაავრცელეს.
შოიგუმ მეთაურებისგან შექმნილ ვითარებაზე ანგარიში ჩაიბარა, შემდეგ კი ოფიცრებს და რიგით ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა ლიმანთან "წარმატებული ოპერაციების ჩატარებისთვის" - იუწყება რუსული სააგენტო "ინტერფაქსი".
იგივე წყარო ცდილობს მკითხველს აჩვენოს, რომ ნატოს წევრი დასავლეთის ქვეყნები უკრაინას არაეფექტიან დახმარებას აწვდიან. მინისტრს დაათვალიერებინეს შვედური საბრძოლო მანქანა CV-90, რომელიც უკრაინელებმა უკანდახევისას მიატოვეს და ამ საბრძოლო ტექნიკის "ხარვეზებიც" გააცნეს - ნათქვამია "ინტერფაქსის" ცნობაში.
შოიგუმდე ერთი დღით ადრე, ფრონტის წინა ხაზებზე გენერალი ვალერი გერასიმოვი ჩავიდა. ის რუსეთის გენშტაბის უფროსია და უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ქმედებებს მეთაურობს. სწორედ ეს ორი სამხედრო პირი იყო ევგენი პრიგოჟინის, კერძო სამხედრო ფორმირება "ვაგნერის" ჯგუფის მეთაურის კრიტიკის მთავარი ობიექტი, რომელმაც რუსეთში ივნისის დასაწყისში ხანმოკლე ამბოხი მოაწყო.
Facebook Forum