ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„გეი პროპაგანდის“ საქმეზე რუსეთში ჟურნალისტი დააჯარიმეს


ფოტოზე მარჯვნინ, ჟურნალისტი იური დუდი და რუსული ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი.

მოსკოვის სასამართლომ, რუსი ჟურნალისტი იური დუდი 120 000 რუბლით დააჯარიმა. მის წინააღმდეგ საქმე „გეი პროპაგანდის“ ადმინისტრაციული მუხლით იყო აღძრული.

ადმინისტრაციული საქმის მასალების თანახმად, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 7 ივლისს გამოიტანა. ჟურნალისტი დამნაშავედ ცნეს "ინტერნეტის გამოყენებით, არასრულწლოვნებში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისთვის".

გასული წლის ოქტომბერში, რუსულმა სასამართლომ, დუდი ინტერნეტში ნარკოტიკების პროპაგანდის პროტოკოლის მიხედვით, 100 ათასი რუბლით დააჯარიმა.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს საჯაროდ დაუპირისპირდა და „იმპერიული სიგიჟე“ უწოდა, 15 აპრილს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა.

უფლებადამცველი პაველ ჩიკოვი აცხადებს, რომ დუდის წინააღმდეგ საქმე 2021 წელს YouTube-ზე განთავსებულ ინტერვიუს ეფუძნებოდა, რომელიც გეი არტისტთანაა ჩაწერილი. თუმცა, უფლებადამცველი განმარტავს, რომ ინტერვიუ გეი თემატიკას არ ეხებოდა.

2013 წლიდან, რუსეთში ბავშვებთან „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა“ კრიმინალიზებულია. გასულ კვირას, პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთში „არატრადიციული ღირებულებები“ სრულად უნდა აიკრძალოს.

XS
SM
MD
LG