რუსი აგენტი, მარია ბუტინა ციხიდან გაათავისუფლეს და მას რუსეთში გაამგზავრებენ. ბუტინამ 18-თვიანი სასჯელის უმეტესი ნაწილი უკვე მოიხადა და ფედერალურ კანონმდებლობაში ცვლილებების, ისევე როგორც საპატიმროში კარგი ყოფაქცევის გათვალისწინებით, ის ნოემბრის ნაცვლად, ახლა გათავისუფლდა.
აგენტის ადვოკატის თქმით, ბუტინა ფლორიდის ციხიდან გათავისუფლებისთანავე საიმიგრაციო უწყებების კონტროლის ქვეშ გადაინაცვლებს და მისი რუსეთში დეპორტაცია მოხდება. რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში მის ჩასვლას შაბათს ელოდებიან.
31 წლის ბუტინას ბრალი 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით კონსერვატორ აქტივისტებთან კავშირის განზრახ დამყარებაში, "შაშხანათა ეროვნულ ასოციაციაში" შეღწევასა და შეთქმულების მოწყობაში ედება. ის 2018 წლის ივლისში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დააკავა და რუსეთის აგენტობაში დასდო ბრალი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბუტინასთვის ბრალის წაყენების შემდეგ მალევე თქვა, რომ ეს "აღმაშფოთებელია" და რომ მას რუსეთის ხელისუფლებისგან ან უსაფრთხოების სამსახურებისგან ბრძანებები არ მიუღია.
ბუტინა ვაშინგტონში ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. დეკემბერში მან უცხო ქვეყნის აგენტობის მუხლით წაყენებული ერთ-ერთი ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა.
Facebook Forum