ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკის და ბიზნესის გზაჯვარედინზე


სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე პოლიტიკური უთანხმოება არ მოქმედებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ კანონით დარეგულირებული ვაჭრობა რუსი პარტნიორებისთვის მომგებიანი გახდება. ჰილარი კლინტონი იმედოვნებს, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ამერიკულ კომპანიებს და ეკონომიკასაც მნიშვნელოვან მოგებას მოუტანს.

მისი ოპტიმიზმი ბევრმა ამერიკელმა მწარმოებელმა გაიზიარა. გიგანტურ მაღაზიათა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის - „ვოლმარტის“ აზიის განყოფილების პრეზიდენტმა, სკოტ პრაისმა აღნიშნა, რომ აზიის მხარეს გაფართოებას ამერიკელი ბიზნესმენებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და თან ამაყად დასძინა, რომ „ვოლმარტი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც იაპონიაში დღეს მაღაზიების მთელ ქსელს ხსნის. პრეზიდენტს საბაზრო კვლევების მონაცემები მოჰყავს:

ჩინელების 79 პროცენტი, ინდოელების - 72 და იაპონიის - 70 პროცენტი აცხადებს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასია. ასე რომ, თუკი ხარისხიან პროდუქციას მინიმალურ ფასად მიაწოდებ, მომხმარებელი აუცილებლად კმაყოფილი დაგრჩება. დღეს მათ სულ არ აინტერესებთ, თუ სად არის თქვენი პროდუქტი დამზადებული - ამერიკაში, საფრანგეთში, თუ ჩინეთში. უმრავლესობისთვის ფასი და ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია,“ - ამბობს ის.

ამერიკული საბუღალტრო-საკონსულტაციო კომპანია - „ერნესტ ენდ იანგი“ (Ernst & Young) ერთ-ერთ ფილიალს ვლადივოსტოკში ხსნის. მის თავმჯდომარეს, ჯეიმს ტერლის, წამოწყების წარმატებაში ეჭვი არ ეპარება.

„რუსეთში ჩამოსული უცხოელი ინვესტორები, ამერიკელები იქნებიან ეს თუ დასავლეთ-ევროპული კომპანიები, ძალიან პოზიტიურად არიან განწყობილნი. ისინი აქაური მუშაობის სპეციფიკით სწრაფად იხიბლებიან. ის ფირმები, რომლებიც დიდი ხანია აქ არიან, რა თქმა უნდა, მოგების გაზრდაზე ფიქრობენ და არა მის შემცირებაზე. ისინი, კი ვისაც რუსეთში საქმე ჯერ არ უწარმოებია, შედარებით უფრო ფრთხილობენ,“ - აცხადებს საკონსულტაციო კომპანიის ხელმძღვანელი.

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის კიდევ ერთი პიონერია „ჰაიატი“, სასტუმროების კომპანია. ის ვლადივოსტოკში მომავალ წელს ორ სასტუმროს ხსნის. ნომრების საერთო რაოდენობა 450-ს აღწევს. კომპანია უცხოურ სასტუმროებს შორის პირველია, ვინც აღმოსავლეთ რეგიონში მთელს ქსელს ხსნის.

ვფიქრობთ, რომ რეგიონს ძალიან კარგი პოტენციალი გააჩნია. განსაკუთრებით გვეამაყება, რომ სასტუმროთა პირველ საერთაშორისო ქსელს ვხსნით,“ - ამბობს ვლადივოსტოკში „ჰაიატის“ მარკეტინგის დირექტორი, ალა ტურუმბეკოვა.

სასტუმროების ბიზნესის წყალობით დამატებით რამდენიმე ფირმა დასაქმდა. ჯო კალდველი ყვება, რომ მის კომპანიას, რომელსაც სამშენებლო ტექნიკა რუსეთში უკვე 16 წელია, რაც შემოაქვს, „ჰაიატმა“ რამდენიმე ტრაქტორი და დანადგარი შეუკვეთა.

„აკვარიუმის მშენებლობისთვის მათ ამწეები, ბურღები, ბულდოზერები, გზის გაყვანისთვის საჭირო ტექნიკა, გენერატორები და სამშენებლო ინსტრუმენტები დაგვიკვეთეს,“ - ამბობს ის.

ვლადივოსტოკის ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის ხელმძღვანელი, ემილ ველიევი აღნიშნავს, რომ ქალაქის მესვეურები მაქსიმალურად ცდილობენ საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებას და ახალ ობიექტებზე საკანალიზაციო სისტემები ამერიკული ტექნოლოგიით გაჰყავთ.

მაიკლ რაფნერი ვლადივოსტოკში ფლორიდის შტატიდან ჩავიდა და იქ აკვა-ქიმიურ დანადგარებს ამონტაჟებს, რომელთა წყალობითაც მარილიანი წყლისგან დამზადებული მტკნარი სასმელი წყლით 50 ათასამდე ადამიანი მომარაგდება.

რაც აქ ხდება, მართლაც არაჩვეულებრივია. ორი ქვეყანა ერთმანეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას ეწევა, მათ საერთო ინტერესები აქვთ,“ - აცხადებს ფლორიდელი ბიზნესმენი.

უცხოელ მეწარმეებს და ბიზნესმენებს დიდად არ აწუხებთ ის პოლიტიკური კინკლაობა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ იქვე, ვლადივოსტოკში ჩატარებული აპეკის სხდომაზე ისმოდა. სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მკაცრი ტონის მიუხედავად, რომელიც რუსეთს და ჩინეთს სირიის საკითხებში თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, თეთრ სახლსა და კრემლს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთთანამშრომლობა სწრაფი ტემპით ვითარდება და მას გრძელვადიანი პერსპექტივა უჩანს.
XS
SM
MD
LG