ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩაერევა თუ არა რუსეთი უკრაინის 25 მაისის არჩევნებში?


რუსეთის ეკონომიკის სექტორების წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდება, თუ რუსეთი უკრაინის 25 მაისის არჩევნებში ჩაერევა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი უილიამ ჰეიგი ამბობს, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები რუსეთის ეკონომიკის სექტორების წინააღმდეგ ახალ სანქციებს გეგმავს, რომლებიც იმ შემთხვევაში დაწესდება, თუ რუსეთი უკრაინის 25 მაისის არჩევნებში ჩაერევა.

„რუსეთის მოქმედებები არჩევნებთად დაკავშირებით განსაზღვრავს იმას, დაწესდება თუ არა უფრო ფართო მასშტაბიანი ეკონომიკური და სავაჭრო სანქციები.“

პრო-რუსულმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სამთავრობო შენობები აიღეს და დამატებით ორი რეგიონის - დონეცკისა და ლუგანსკის - დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამასთან ერთად, მათ 25 მაისს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აცხადებს, რომ ამერიკისა და ევროკავშირის გზავნილი განუყოფელია:

„უკრაინას მიეცით არჩევნების ჩატარების საშუალება. უკრაინელ ხალხს მიეცით საკუთარი მომავლის არჩევის საშუალება და ეს ყველაფერი სამართლიან, თავისუფალ, ღია, ხელმისაწვდომ გარემოში უნდა მოხდეს.“

კერი ასევე აცხადებს, რომ იმედს იტოვებს, რომ რუსეთი უკრაინის კრიზისის დეესკალაციაში მონაწილეობას მიიღებს და მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროება არ იქნება.

უკრაინამ ეროვნული ერთიანობის დიალოგი ოთხშაბათს დაიწყო, მაგრამ მოლაპარაკებებში პრო-რუსული სეპარატისტები არ მონაწილეობენ. სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ეს პროცესი „სერიოზული, კონკრეტული გეგმის ნაწილია,“ რომელიც გაზრდილი ავტონომიისა და მმართველობის დეცენტრალიზების საფუძველს ქმნის.

რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური რუსების უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ჯონ კერი კი აცხადებს, რომ ავტონომიისა და დეცენტრალიზაციის ხარისხი, რომელსაც კიევი სეპარატისტულ რეგიონებს სთავაზობს, მნიშვნელოვნად აღემატება რუსეთში არსებული ავტონომიის ხარისხს.
XS
SM
MD
LG