ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ევროკავშირის გადაწყვეტილება გააკრიტიკა


მოსკოვი დამასკოს ეს-300 ტიპის ანტი-საჰაერო რაკეტებს რამდენიმე წლის წინ ხელმოწერილი კონტრაქტის ფარგლებში გაუგზავნის

რუსეთი აცხადებს, რომ მოსკოვი სირიას რაკეტებს მიაწვდის, რაც დამასკოს ნებისმიერი უცხოური ინტერვენციისგან დაიცავს.

დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი დამასკოს ეს-300 ტიპის ანტი-საჰაერო რაკეტებს რამდენიმე წლის წინ ხელმოწერილი კონტრაქტის ფარგლებში გაუგზავნის.

გუშინ, რუსეთმა უკვე გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელიც სირიისადმი იარაღის ემბარგოს გადაწყვეტილების მოდიფიცირებას ახდენს, და შესაბამისად, სირიის მთავარ ოპოზიციურ ეროვნულ კოალიციას იარაღის მიღების საშუალებას აძლევს. ამ ფონზე, ევროკავშირი სირიის მთავრობის მიმართ სანქციებს შეინარჩუნებს.

რუსეთის განცხადებით, ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილება-ოპოზიციის დახმარების თაობაზე- სირიის სამშვიდობო კონფერენციას ხელს შეუშლის.
ამ კონტექსტში, სირიის ოპოზიცია მიესალმება მისივე თქმით ამერიკელი სენატორის ჯონ მაკეინის უკიდურესად მნიშვნელოვან ვიზიტს. შეგახსენებთ, რომ მაკეინი სირიაში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა. მისი მრჩევლების ინფორმაციით, სენატორმა სირიაში თურქეთის გავლით ორშაბათს შეძლო შესვლა.

სირიის მთავარი ოპოზიციური ეროვნული კოალიციის წარმომადგენლის განცხადებით:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაკეინი ყოველთვის ემხრობოდა სირიელი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებსა და სირიის რევოლუციას, დღიდან მისი დაწყებისა. ის აქტიურად მუშაობს, რათა ამერიკამ აქტიური როლი შეასრულოს სირიის რევოლუციის მხარდაჭერასა და თავისუფალი სირიის არმიის შეიარაღებაში.“ - განაცხადა ანას აბდამ.
XS
SM
MD
LG