ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ლამობს


რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ლამობს
რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ლამობს

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება მთავარ პიორიტეტად გახადა

შეერთებული შტატები მტკიცედ მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საერთაშორისო სააგენტოა, რომელსაც საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება ევალება. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 1995 წელს დაარსდა. ამ ორგანიზაციამ შეცვალა მანამდე არსებული საერთო შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ.

ვაშინგტონში მდებარე იურიდიული ფირმა „დი-ელ-ეი პაიპერის“ ვაჭრობის საკითხების ექსპერტი დეივიდ კრისტი აღნიშნავს:

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია წარმოადგენს შეთანხმებათა პაკეტს, რომელიც პროდუქციითა თუ მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობის ყველა ასპექტს არეგულირებს. ამას გარდა მას ევალება ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. ეს ორგანიზაცია ჟენევაში მდებარეობს და მის მთავარ ფუნქციაში შედის ხსენებულ შეთანხმებათა შესრულება. ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 153 სახელმწიფო. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიღმა დარჩენილი მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მხოლოდ რუსეთი და ირანიღა დარჩა.“

ანდერს ასლუნდი ვაშინგტონში მდებარე პატერსონის სახელობის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. მისი თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გაწევრიანების კრიტერიუმების სია საკმაოდ ვრცელია.

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არის კლუბი და გაწევრიანებისთვის უწინარეს ყოვლისა აუცილებელია ამ კლუბის წესების შესრულება. ამას გარდა ყოველ წევრ-სახელმწიფოსთან საჭიროა ორმხრივ საფუძველზე ბაზარზე შეღწევასთან დაკავშირებული პროტოკოლების გაფორმება. ეს კი ბევრ მოლაპარაკებებს მოითხოვს. ამას ემატება ისიც, რომ გარკვეულ სახელმწიფოებს შეიძლება მიაჩნდეთ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ვაჭრობის მარეგულირებელი წესები არ შეესაბამება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი გახდება ამ წესების შეცვლა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლების მიღების მიზნით რუსეთმა სულ ცოტა 100 კანონი შეცვალა და ახალი საბაჟო კოდექსი შემოიღო,“ აღნიშნავს ასლუნდი.

რუსეთმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას გაწევრიანების თხოვნით ჯერ კიდევ 1993 წელს მიმართა. ამასთან დაკავშირებით ანდერს ასლუნდმა აღნიშნა:

„2000 წლამდე რუსეთი გაწევრიანებას დიდი სერიოზულობით არ ეკიდებოდა. შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთი ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობდა 2000 წლიდან 2003 წლამდე. ხოლო პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიმართ ყველანაირი ინტერესი დაკარგა.“

ექსპერტების განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება მთავარ პიორიტეტად გახადა და ამ მიზნით მისი ქვეყანა მნიშვნელოვნად წინ წაწია.

ნიუ იორკში მდებარე კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერი რობერტ ლეგვოლდი აღნიშნავს, რომ პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი ბატონ მედვედევს არავითარ დახმარებას არ უწევს ამ საკითხთან დაკავშირებით.

„გასულ ზაფხულს გარკვეულ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ჩვენ გვეგონა, რომ გარიგება გაფორმდებოდა. მედვედევის ქვეშემრდომებიც იგივეს ლაპარაკობდნენ, მაგრამ 2009 წლის ივნისის დასაწყისში პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, ‘ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავწევრიანდებით, თუ ორგანიზაციაში მიიღებენ რუსეთ-ბელარუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირს.’ შედეგად მოლაპარაკებები კიდევ რვა-ცხრა თვით გაიწელა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლამდე, როცა ეს დაბრკოლება, როგორც იქნა, მოცილებულ იქნა,“ აღნიშნა ლეგვოლდმა.

ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობისგან ყოველთვის შორს იყო. დღემდე გადაუჭრელი საკითხები ეხება ისეთ თემებს როგორიც არის სუბსიდიების გაცემა სოფლის მეურნეობის სფეროში, ფიჭვური ტელეფონების ტექნოლოგიები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და უკანონო ვაჭრობისა და სამომხმარებლო პროდუქციის გაყალბების წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღება.

გასულ თვეს ვაშინგტონში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პრეზიდენტ მედვედევს მოახსენა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მტკიცედ ემხრობა.

„მე პრეზიდენტ მედვედევს, მის მთელ დელეგაციას ხაზგასმით მოვახსენე და ახლა რუსეთის მთელ მოსახლეობას მინდა განვუცხადო, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის არამედ ეს შეერთებული შტატებისა და დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებშიც შედის. ამდენად ჩვენ გვსურს ამ საკითხის გადაჭრა,“ განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

პრეზიდენტმა მედვედევმა კი აღნიშნა, რომ რუსეთის გაწევრიანებას აფერხებს უმნიშვნელო ტექნიკური პრობლემები. მან გამოთქვა იმედი, რომ ხსენებული პრობლემები სექტემბრის დასასრულამდე გადაიჭრება. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამგვარი პროგნოზირება შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტური იყოს.

XS
SM
MD
LG