ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის დაფინანსებულ მედიას რუსეთში შესაძლოა "უცხო ქვეყნის აგენტად" რეგისტრაცია მოთხოვონ


რუსეთის განცხადებით, იგეგმება შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული მედია გამოცემების „საგარეო აგენტად“ გამოცხადება. ეს ამერიკის მიერ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის „რაშა თუდეის“ „უცხო ქვეყნის აგენტად“ რეგისტრაციის მოთხოვნაზე მოსკოვის პასუხია. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მათ „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და რამდენიმე სხვა გამოცემას განუცხადეს, რომ ცვლილებები შესაძლოა მათ შეეხოთ. სამინისტრომ მედია სააგენტოების ჩამონათვალი საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, და განაცხადა, რომ ცვლილებები მიღებული „უახლოეს მომავალში“ იქნება.

ოთხშაბათს, რუსეთის დუმის ქვედა პალატამ დაამტკიცა ცვლილებები 2012 წლის კანონში არასამთავრობო ორგანიზაციების საგარეო დაფინანსების შესახებ. „საგარეო აგენტად“ გამოცხადება უცხოური მედიისთვის საკუთარი აქტივობების, ფინანსების და ოპერაციების რეგულარულ გასაჯაროებას გულისხმობს. მედია გამოცემებს შესაძლოა ასევე მოუწიოთ საკუთარი სოციალურ პლატფორმებზე და ვებგვერდებზე იმის განცხადება, რომ რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით ისინი „საგარეო აგენტები“ არიან. კანონი ასევე მისცემს უფლებას კრემლს დაბლოკოს ის საიტები, რომელიც მათთვის სასურველი არ იქნება.

„ამ დროისთვის რთულია იმის თქმა თუ რა ეფექტი ექნება ამას ჩვენს მიერ ახალი ამბების გაშუქების ოპერაციებზე“, -განაცხადა ამერიკის ხმის დირექტორმა ამანდა ბენეტმა. „ჩვენ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამერიკის ხმა, კანონით, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბების ორგანიზაციაა, და ჩვენ ამ პრინციპებს ვიცავთ“, - დაამატა მან.

რადიო თავისუფლების პრეზიდენტის, ტომ კენტის თქმით სპუტნიკისა და სხვა რუსული მედია საშუალებებისგან განსახვავებით, რომლებიც ამერიკაში მაუწყებლობენ, ამერიკის მედია კომპანიებს რუსეთში საკაბელო და რადიო მაუწყებლობაზე წვდომა არ აქვს.

„ეს გულისხმობს, რომ ამ მომენტისთვის [ორი ქვეყნის მედიას შორის] თანაფარდობა არ არის“, - ამბობს კენტი.

კანონის ზოგადი ხასიათი საშუალებას მისცემს კრემლს, რომ ნებისმიერი უცხოური მედია ამოიღოს მიზანში, თუ ეს საჭირო გახდება. მაშინ როდესაც, ამერიკული კანონი „უცხო ქვეყნის აგენტის რეგისტრაციის შესახებ“ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჯგუფებზე ვრცელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „საერთაშორისო ამნისტიამ“ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთში მედია თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვას წარმოადგენს.

კანონის ცვლილებებს რუსეთის სენატში მიღების შემდეგ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა მოაწეროს ხელი.

ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის სახელმწიფო მედია საშუალებებს, "სპუტნიკსა" და „რაშა თუდეის“ ამერიკის 2016 წლის არჩევნებში ჩარევაში სდებს ბრალს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG