ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: ბრალდებები რუსეთის ჩარევის შესახებ უბრალოდ ყბედობაა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ამერიკის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით, რუსეთის 13 მოქალაქისთვის ბრალის წაყენებას “უბრალოდ ყბედობა“ უწოდა.

„მე პასუხი არ მაქვს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ გამოაქვეყნოთ... მანამ, სანამ ფაქტებს არ დავინახავთ, ყველაფერი უბრალოდ ყბედობაა“- განაცხადა სერგეი ლავროვმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

მე პასუხი არ მაქვს. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ გამოაქვეყნოთ... მანამ სანამ ფაქტებს არ დავინახავთ, ყველაფერი უბრალოდ ყბედობაა
სერგეი ლავროვი ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე

ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, პირების თუ ორგანიზაციებისთვის ბრალის ფორმალურად წაყენება მას შემდეგ ხდება, რაც გენერალურ ნაფიც მსაჯულთა კოლეგია მიიჩნევს, რომ პროკურორის მიერ წარდგენილ მასალაში დანაშაულის შემცველი სამხილი იკვეთება.

ცოტა ხნის წინ, გასაჯაროებული საბრალდებო დასკვნა ამერიკის 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შემსწავლელი, სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის მიერ აქამდე, გამოძიების ფარგლებში გამოცემულ ოქმებს შორის ყველაზე დეტალურია. ბრალდების გამოქვეყნებასთან ერთად, ამერიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ, როდ როსენშტაინმა განაცხადა, რომ საბრალდებო ოქმში საუბარი იმაზე არ არის, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევან მისი შედეგები შეცვალა.

საბრალდებო ოქმში არ არის არცერთი მტკიცება, რომ მომხდარმა ამერიკის 2016 წლის არჩევნების შედეგები შეცვალა
აშშ-ს გენერალური პროკურორის მოადგილე რობ როსენშტაინი

„ამ ოქმში არ არის არცერთი ბრალდება, რომ ამერიკელებმა გაცნობიერებულად მიიღეს მონაწილეობა ამ არაკანონიერ აქტივობაში. ასევე, საბრალდებო ოქმში არ არის არცერთი მტკიცება, რომ მომხდარმა ამერიკის 2016 წლის არჩევნების შედეგები შეცვალა“, თქვა მან.

(რობ როსენშტაინის განცხადება ინგლისურ ენაზე)

პროკურორები ხშირად ნაფიც მსაჯულთა წინაშე სამხილთა მხოლოდ ნაწილს წარადგენენ და მტკიცებულების დიდ ნაწილს სასამართლო პროცესისთვის ინახავენ. ეს გულისხმობს, რომ 37 გვერდიანი საბრალდებო დასკვნა მხოლოდ აისბერგის წვერია.

თუმცა, უკვე გამოქვეყნებული სამხილები უკვე „აბსოლუტურად მამხილებელია“, ამბობს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ბენ ნიმო.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის ოპერაციის კოდური სახელი „პროექტი ლახტა“ იყო. ოპერაციის ფარგლებში ყოველთვიურად საინფორმაციო ომში 1 მილიონი დოლარი იხარჯებოდა.

ლავროვის განცხადება როგორც ყოველთვის დივერსიას ემსახურება
მიმომხილველი მოლი მაკკიუ

„ლავროვის განცხადება როგორც ყოველთვის დივერსიას ემსახურება. მისი თქმით, არ არსებობს ფაქტები საბრალდებო ოქმში. ეს სიცრუეა“, ამბობს მოლი მაკკიუ, საინფორმაციო ომის მიმომხილველი და ყოფილი ლობისტი, რომელიც ამერიკაში საქართველოს მთავრობას და მოლდოვის პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდა.

„მალერის მიერ „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“ წინააღდეგ ბრალის წარდგენა აქამდე არნახული პრიზმაა იმის დასანახად თუ როგორ მუშაობს თანამედროვე დაზვერვა - ეს ფანჯარაა სამოქმედო-ოპერაციულ დიზაინში“, ამბობს მაკკიუ.

რუსეთის ჩარევა "ახლა უკვე უდავო მტკიცებულებაა“
ეიჩ არ მაკმასტერი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, გენერალმა ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერმა აღნიშნულთან დაკავშირებით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევა ახლა უკვე "უდავო მტკიცებულებით“ საბუთდება.

(ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის, გენერალმა მაკმასტერის კომენტარი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე)

Facebook Forum

XS
SM
MD
LG