ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მაზოხისტური მიდრეკილებები" - რუსეთის პასუხი საიმიგრაციო კრიზისზე


გაეროს უშიშროების საბჭოში, რუსეთმა დასავლეთის ქვეყნები გააკრიტიკა, პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე შექმნილი საიმიგრაციო კრიზისის გამო. გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ ევროპელ კოლეგებზე საუბრისას განაცხადა, რომ მათ „მაზოხისტური მიდრეკილებები“ აქვთ.

ესტონეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, ნორვეგიამ, შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა, საიმიგრაციო კრიზისი უშიშროების საბჭოში დახურულ კარს მიღმა განიხილეს.

„ჩვენ ვგმობთ ადამიანების ორკესტრირებულ გამოყენებას, ბელარუსის მხრიდან მათი ცხოვრების და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ მოქცევას პოლიტიკური მიზნებით, რომლის მიზანიც მეზობელი ქვეყნების და ევროკავშირის გარე საზღვრის დესტებილიზაციაა“, - ნათქვამია აღნიშნული ქვეყნების ერთიან განცხადებაში.

განცხადებაში, ბელარუსის ქმედებებს დასავლეთის ქვეყნები აფასებენ, როგორც „მიუღებელს“ და ბრალს დებენ ქვეყნის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეგიონის სტაბილიზაციის შერყევის მცდელობაში.

აღნიშნულზე, გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომამდე, რუსეთის ელჩის თანაშემწემ, დმიტრი პოლიანსკიმ ჟურნალისტებთან, კომენტარი გააკეთა.

„[მათ] გარკვეული მაზოხისტური მიდრეკილებები აქვთ ალბათ, რადგან წამოწიო ჩვენთან საკითხი, რომელიც ევროკავშირისთვის სამარცხვინოა, ძალიან გაბედული ნაბიჯია“, - თქვა მან. პოლიანსკიმ უარყო, რომ რუსეთი და ბელარუსი მიგრანტებს პოლონეთის საზღვართან მოხვედრაში ეხმარება.

ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე გავლებული მავთულხლართების გასწვრივ, ევროკავშირში მოხვედრას ათასობით ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული მიგრანტი ცდილობს. პოლონელი მესაზღვრეები კი მათ შეჩერებას ცდილობენ. ევროკავშირსა და პოლონეთში, მიგრანტების ამ ტალღას, ლუკაშენკოს რეჟიმის მცდელობას უკავშირებენ, რომელიც ამ გზით პასუხობს ბრიუსელის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

საიმიგრაციო კრიზისის გამო, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ.

კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე, უკვე თვეებია გრძელდება. ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან მომავალი მიგრანტები პოლონეთში, ლატვიასა და ლიტვაში გადასვლას ცდილობენ. ბელარუსი უარყოფს ევროკავშირის ბრალდებას, რომ მინსკი კრიზისს ხელოვნურად ქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG