ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მიერთებას გეგმავს


უკრაინელი ჯარისკაცები, რუსული ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში

რუსეთის მიერ კონტროლირებადი, უკრაინის ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონები რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების გეგმებზე საუბრობს.

ომის მეშვიდე თვეს, უკრაინის კონტრშეტევის შედეგად რუსეთმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მნიშვნელოვნად დაიხია უკან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთი ოკუპირეული ტერიტორიის დაბრუნება მოახერხა.

თვითგამოცხადებული, ე.წ. ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები აცხადებს, რომ რეფერენდუმები 23-27 სექტემბრის შუალედში ჩატარდება. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში, დონეცკის სეპარატისტული, ე.წ. მთავრობის ლიდერი, დენის პუშილინი ვლადიმირ პუტინს მიმართავს: "გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად, რეფერენდუმში დადებითი შედეგის დაფიქსირებისთანავე - რაშიც ეჭვი არ გვეპარება - განიხილოთ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" რუსეთის ნაწილად ქცევა".

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, რეფერენდუმის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადეს ოკუპირებულ ხერსონშიც. რეგიონში რუსეთი ტერიტორიის 95%-ს აკონტროლებს. შესაძლოა მსგავსი რეფერენდუმი მოეწყოს, უკრაინის ზაპორიჯიის ზოგიერთ ნაწილშიც, რომელსაც ასევე რუსული ძალები აკონტროლებს.

უკრაინა და შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რეფერენდუმები მხოლოდ უკანონო სიყალბე იქნება და არც ისინი და არც სხვა ბევრი სახელმწიფო, მის შედეგებს არ აღიარებს.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, რომელიც ახლა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა თქვა, რომ ამ რეფერენდუმების შედეგები შეუქცევადი იქნება, ის არ შეიცვლება და "მოსკოვს, რომელსაც მსოფიოში ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი აქვს - სრულ კარტ-ბლანშს მისცემს იმის დასაცავად, რაც ლეგალურად მისი ტერიტორია იქნება".

მისი თქმით, "საკუთარი ტერიტორიის" დაცვა რუსეთისთვის თავდაცვის ყველა შესაძლებლობის გამოყენებას გაამართლებს და კიევსა და დასავლეთში სწორედ ამის ეშინიათ. ამასთან, მედვედევი დასძენს, რომ რუსეთის მომავალ ლიდერებსაც კი არ შეეძლებათ კონსტიტუციურად ამ რეფერენდუმების შედეგების შეცვლა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი ამბობს, რომ მისი პალატა უკრაინის ამ ორი რეგიონის რუსეთის ფარგლებში მოქცევას მხარს დაუჭერს, თუკი მოქალაქეები კენჭისყრაზე ამ გადაწყვეტილებას მისცემენ ხმას.

კონტრშეტევა და ომის გარდამტეხი ეტაპი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:08:55 0:00

თუმცა, ამ განცხადებების პარალელურად, ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებენ პრო-რუსი სეპარატისტული ძალები რეფერენდუმების ჩატარებას. დონეცკის რეგიონში ისინი ტერიტორიის მხოლოდ 60%-ს აკონტროლებენ. უკრაინული ძალები ლუჰანსკზე იერიშს განაგრძობენ. პრო-რუსი ძალების ძველი განცხადებების თანახმად, შესაძლოა რეფერენდუმები ელექტრონულადაც კი გაიმართოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG