ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი: მოლაპარაკებები უკრაინასთან გრძელდება, თუმცა პირისპირ შესახვედრად მზად არ ვართ


რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის მხრიდან მთავარმა მომლაპარაკებელმა, ვლადიმირ მედინსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა და ის დისტანციურად კვლავ გრძელდება. ინფორმაციას სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს.

მოსკოვი კიევს მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაუშაულებს და ამბობს, რომ უკრაინულმა მხარემ, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის სისასტიკეები მოლაპარაკებების ძირის გამოსათხრელად გამოიყენა. რუსეთი უარყოფს უკრაინის ბრალდებას, რომ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს. კრემლი უკრაინაში მიმდინარე ომსაც არ უწოდებს შესაბამის სახელს და მას კვლავაც "სპეციალურ სამხედრო ოპერაციად" მოიხსენებს.

შეკითხვაზე, თუ როდის მოხდება პირადი შეხვედრა რუსეთ-უკრაინის მომლაპარაკებლებს შორის, მედინსკიმ თქვა: "მეტი სპეციფიკა გვჭირდება, რომ შევხვდეთ".

ბოლოს, პირისპირ მოლარაკებები უკრაინამ და რუსეთმა 29 მარტს გამართეს. მას შემდეგ, პირისპირ მხარეების შეხვედრა არ მომხდარა.

გასულ თვეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თქვა, რომ არსებობდა ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლებოდა. ამის მიზეზად პრეზიდენტმა უკრაინული საზოგადოების აღშფოთება დაასახელა იმის გამო, რასაც რუსები უკრაინის ტერიტორიაზე ჩადიან.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. თვადაპირველი სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი და მოქმედი მთავრობის ჩამოგდება იყო, თუმცა რუსულმა არმიამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია და ახლა ფრონტის ძირითადმა ხაზმა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში გადაინაცვლა. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა მარიუპოლში, სადაც ტერიტორიის უდიდეს ნაწილს რუსები აკონტროლებენ. აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილი "აზოვის" პოლკის ჯარისკაცები კი ალყაში არიან მოქცეული.

XS
SM
MD
LG