რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა "შოკისმომგვრელი" უწოდა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი სირიელისთვის თავის მოკვეთის სასტიკ ფაქტში, რუსი მებრძოლებიც მონაწილეობდნენ. პესკოვი აცხადებს, რომ ეს სიმართლეც რომ იყოს, ამ ფაქტს "არაფერი აქვს საერთო რუსეთის ოპერაციასთან სირიაში".
ცნობა პირველად დამოუკიდებელმა გაზეთმა "ნოვაია გაზეტამ" გაავრცელა. ჟურნალისტების მიერ მოძიებული ინფორმაციით, სირიელის სიკვდილით დასჯაში სავარაუდოდ, დაქირავებული რუსი მეომრები მონაწილეობენ. ერთ-ერთი მათგანის ვინაობა უკვე დადგენილია. პრესსპიკერი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეისწავლიან და გამოიძიებენ, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლიან.
რუსულმა გამოცემამ აღნიშნულ ფაქტზე არამარტო ტექსტური ვერსია, არამედ ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა. ვიდეოში სირიის მოქალაქის სიკვდილით დასჯის მომენტებია ასახული და ფორმიან მეომრებს შორის რუსულად ლაპარაკიც ისმის. მსხვერპლს ჯერ სცემენ, შემდეგ თავს და კიდურებს აჭრიან. ბოლოს მის სხეულს ფეხებით ჩამოკიდებენ და წვავენ. მთელ ვიდეოს ფონად გასდევს მწამებელთა სიცილი და გამამხნევებელი შეძახილები.
"ნოვაია გაზეტაში" მასალა გაშიფრეს და დაადგინეს, რომ კადრებში არიან რუსეთის მთავრობის მიერ დაქირავებული კერძო სადაზვერვო ჯგუფის "ვაგნერის" წევრები. მათი ვერსიით, 4 მკვლელს შორის ერთ-ერთის სახელია სტანისლავ დ. გამოცემა გვარს ბოლომდე მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ ამჟღავნებს. "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, სტანისლავ დ. მანამდე ქ. სტავროპოლის პოლიციაში მსახურობდა.
არაბული საინფორმაციო წყაროების ცნობით, მოკლული სირიელის სახელია მოჰამედ თახა ისმაილ ალ-აბდულა. ის სირიის არმიაში იბრძოდა, მაგრამ გაქცევა გადაწყვიტა და დეზერტირობა არჩია. მკვლელობა სავარაუდოდ, 2017 წელს, ჰომსის პროვინციაში მოხდა.
Facebook Forum