ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნი გულაგში - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არქტიკულ ზონაში მდებარე კოლონიაში გადაიყვანეს


რუსი ოპოზიციონერის - ალექსეი ნავალნის ადგილსამყოფელი დადასტურდა. დაპატიმრებული პოლიტიკოსი, რომლის შესახებაც ბოლო კვირების განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი, ამბობს, რომ სხვა ციხეში გადაიყვანეს, რომელიც მისი აღწერის თანახმად, თოვლითაა დაფარული და არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარეობს. ნავალნი ამბობს, რომ კარგ განწყობაზეა, მიუხედავად იმ 20-დღიანი დამღლელი მგზავრობისა, რაც იქ მისასვლელად დასჭირდა.

ნავალნიმ ამის შესახებ ადვოკატების მეშვეობით თავის სოციალურ ქსელში დაწერა. უფლებადამცველებმა მასთან კავშირი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ დაკარგეს, როცა ის სხვა ციხეში გადაიყვანეს, თუმცა მათ არ იცოდნენ, საით მიჰყავდათ პატიმარი. დასავლელმა პოლიტიკოსებმა დაუყოვნებლივ მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას, უზრუნველეყო პატიმრის უსაფრთხოება და გაესაჯაროებინა მისი ადგილმდებარეობა.

ნავალნის პრეს-სპიკერმა ორშაბათს თქვა, რომ 47 წლის პოლიტიკოსი IK-3 კოლონიაში იმყოფება, არქტიკული წრის ჩრდილოეთით, იამალ-ნენეცის რეგიონში, ხარპში, მოსკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 900 კმ-ის დაშორებით.

"მე თქვენი ახალი თოვლის ბაბუა ვარ. მაქვს ცხვრის ტყავის პალტო, "უშანკა ქუდი და მალე "ვალინკებსაც" მივიღებ. ტრანსფერის 20 დღე დამღლელი იყო, მაგრამ მაინც შესანიშნავ განწყობაზე ვარ, როგორც "თოვლის ბაბუა" უნდა იყოს", - ამბობს ნავალნი.

ნავალნის ახალ სამყოფელს "პოლარული მგლის" კოლონიას უწოდებენ. ის რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ ციხედ მიიჩნევა. იქ მყოფ პატიმართა უმეტესობა მძიმე დანაშაულებშია მსჯავრდებული. ზამთარი იქ მკაცრია. ტემპერატურა მომავალ კვირას -28 გრადუს ცელსიუსამდე დაეცემა.

ციხე არქტიკული წრიდან 60 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს და ის 1960-იან წლებში დაარსდა, როგორც გულაგის - საბჭოთა იძულებითი შრომითი ბანაკების სისტემის ნაწილი.

ნავალნის პრეს-სპიკერი კირა იარიში ამბობს, რომ მისი აზრით, ნავალნის ასეთ ადგილას გადაყვანის მიზანი ის იყო, რომ მისი იზოლაცია მოხდეს, მისი ცხოვრება კიდევ უფრო გართულდეს და მის ადვოკატებს, მოკავშირეებსა თუ სხვა უფლებადამცველებს მისი მონახულება კიდევ უფრო გაუჭირდეთ.

XS
SM
MD
LG