ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონბასის დასახლებებისთვის ბრძოლა გრძელდება


დონბასში საბრძოლო ვითარების შესახებ რუსული და უკრაინული მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. "რუსულმა და პრო-რუსულმა ძალებმა დონეცკის განაპირას მდებარე სოფელ პისკიზე სრული კონტროლი დაამყარეს", - ამ ინფორმაციას სააგენტო "ტასი" სეპარატისტულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით, ბრძოლა გრძელდება დონეცკის ჩრდილოეთით ქალაქ ბახმუტშიც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კი ხუთშაბათს აცხადებდნენ, რომ სოფელ პისკიზე რუსეთმა სულ მცირე ორი დიდი იერიში მიიტანა, თუმცა მათი შეკავება ხერხდებოდა.

ამავე დროს, პარასკევს უკრაინული პორტები მარცვლეულით დატვირთულმა სამმა გემმა დატოვა. კიევი კი მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების გაფართოებას და მის სხვა პროდუქციაზე, მაგალითად მეტალის ექსპორტზე გავრცელებასაც ითხოვს.

22 ივლისს დადებული შეთანხმება ის იშვიათი დიპლომატიური მიღწევა იყო, რაც 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მხარეებს შორის გაეროს და თურქეთის შუამავლობის შედეგად შედგა. კიევი ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავების ერთადერთ გზად, სწორედ ექსპორტის აღდგენას ხედავს.

XS
SM
MD
LG