ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რევოლუციები რუსულ ფერებში


განსხვავებით საქართველოს და უკრაინის რევოლუციებისგან, მოსკოვი სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს მშვიდად შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ხაზაროვამ სომეხ ხალხს ენთუზიაზმით განუცხადა, რომ „მოსკოვი მათთანაა“.

ორშაბათს, პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი პირველი ვიზიტით სოჭში ჩავიდა და პუტინს მადლობა გადაუხადა საპროტესტო გამოსვლებისას „დაბალანსებული პოზიციისთვის“ და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის და სომხეთის „სტრატეგიულ ალიანსს“ საფრთხე არ ემუქრება.

მართლაც, კრემლის პოზიცია სომხეთის შემთხვევაში განსხვავდებოდა მისი ტრადიციული ნარატივისგან, რომ დემონსტრაციები მის სამეზობლოში დასავლეთის ორკესტრირებულია. იმას, თუ რამდენად მისაღებია პოლიტიკური ცვლილებები მოსკოვისთვის განსაზღვრავს ის, თუ რამდენად უქმნის საპროტესტო ტალღა მის ინტერესებს და გავლენას საფრთხეს, - ფიქრობს ჯეფრი მენკოფი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან.

“რუსეთის მთავარი საზრუნავი, პოსტ საბჭოთა სივრცეში მისი გავლენის საკითხია. ამიტომ, მისი მიდგომა რევოლუციების მიმართ, იმაზეა დამოკიდებული რამდენად აყენებს საპროტესტო ტალღა მის გავლენას კითხვის ნიშნის ქვეშ“, - თქვა მან.

“ფერადი რევოლუციების სერიას: „ვარდების რევოლუციას“, „ნარინჯისფერ რევოლუციას“ და "ევრო-მაიდანს" რუსეთი არა რეალურ საპროტესტო მოძრაობად, არამედ დასავლეთის მიერ ხელოვნური დესტაბილიზაციის მცდელობად განიხილავდა. “ჩვენ ვხედავთ, როგორ ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანა ე.წ. ფერადი რევოლუციების ტალღამ... ეს ჩვენთვის გაკვეთილია და გაფრთხილება, და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რუსეთში არასდროს არ მოხდეს“, - განაცხადა პუტინმა 2014 წელს. რევოლუციებს ამ ქვეყნებშიც, სადაც მოსახლეობა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, კორუფციის დასასრულს მოითხოვდა, მოსკოვის წარმომადგენლები, და თავად პუტინი, სახელმწიფო დეპარტამენტის და უნგრელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის შემოქმედებად განხილავდნენ.

სუვერენული დემოკრატიის იდეის დაბადება

ტერმინი "სუვერენული დემოკრატია" კრემლის "პოლიტექნიკოსმა" ვლადიმერ სურკოვმა 2006 წელს გაახმოვანა და მისი განმარტებით, ის გულისხმოდა, რომ რუსეთისთვის დასავლური დემოკრატიული სისტემა კულტურულად და ისტორიულად მიუღებელია. რუსეთს განვითარების საკუთარი გზა აქვს, ამიტომ, დასავლური დემოკრატიზაცია იქ დაუშვებელია. ამ მიზნის მისაღწევად, და ქვეყნის დესტაბილიზაციისაგან დასაცავად, საჭიროა სახელმწიფოს ცენტრალური კონტროლის გაძლიერება და ძალაუფლების კონსოლიდაცია.

„ფერადი რევოლუციები“ გახდა მთავარი მამოძრავებელი კრემლის ნაბიჯებისა ქვეყნის შიგნით და საგარეო პოლიტიკაში. ქვეყნის შიგნით შეიზღუდა სამოქალაქო საზოგადოება და დაიხურა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია. შეიქმნა პუტინის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდულ ორგანიზაცია „ნაში“. პარალელურად, საგარეო არენაზე რუსეთი გახდა უფრო აქტიური პრო-რუსული ორგანიზაციების, ჯგუფების და ინდივიდების დაფინანსებაში. საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო მედია მაუწყებლებს: "რაშა თუდეის" და „სპუტნიკს“.

მსგავსად სხვა რევოლუციებისა, 2011-12 წლის ბალოტნაიას გამოსვლები მოსკოვში, რომელიც პუტინის არჩევნებში გამარჯვებას მოჰყვა, კრემლმა დასავლეთის ინსცენირებულ პროექტად შეაფასა და საპასუხოდ „სუვერენერული დემოკრატიის“ შენებაზე დაიწყო საუბარი, რომელსაც დასავლური ლიბერალური დემოკრატიის საპირისპირო კონცეფციის როლი უნდა ეთამაშა.„სუვერენული დემოკრატიის“ მოდელი, პოლიტიკური ელიტისთვის მოსკოვში კრიტიკის თავიდან აცილების, თავისუფლების და უკმაყოფილების შეზღუდვის იარაღად გადაიქცა.

„პუტინის რეჟიმი დამოკიდებულია ავტორიტარული ხელისუფლების ძალაუფლებასა და კონტროლზე. და პუტინის იდეოლოგიის გამოწვევას წარმოადგენს ის რაც ხალხის სურვილს ასახავს და მათ არჩევანს გამოხატავს“, - ამბობს ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, დიპლომატი კურტ ვოლკერი ჩვენთან საუბარში.

კონტროლის გაძლიერებასთან ერთად, რევოლუციის წინააღმდეგ წასვლა ქვეყნის შიგნით კონსერვატიული ძალების გაერთიანებას და „ტრადიციული ღირებულებების“ წინ წამოწევას საჭიროებდა, რაც რუსეთს ევროპის „იდეურ“ ალტერნატივად წარმოაჩენდა. თუმცა, პუტინის საზრუნავი არა მხოლოდ მის საზღვრებზე პროდასავლური მთავრობების გამოჩენა, და რევოლუციების გეოპოლიტიკური განზომილება იყო, არამედ ასევე ქვეყნის შიგნით რევოლუციის თავიდან აცილება, - გვეუბნება კურტ ვოლკერი.

"ფერად რევოლუციებს, რომელიც საქართველოში და უკრაინაში ვიხილეთ, კრემლი ხედავს არა მხოლოდ მოცემული ქვეყნის, არამედ ასევე საკუთარ კონტექსტშიც. ამიტომ ძალიან უფრთხიან მოვლენების მსგავს განვითარებას, და ცდილობენ თავიდან აირიდონ“, - ამბობს ის.

პარადოქსი თუ მოსალოდნელი სვლა

სომეხმა ხალხმა უარი უთხრა სარგისიანის მცდელობას გაემეორებინა „პუტინის მოდელი“. რამ განაპირობა კრემლის მხარდაჭერა სომხეთის გამოსვლებისადმი, თუ მოსკოვი მუქ ფერებში განიხილავს რევოლუციებს შინ და გარეთ?

ერთი მხრივ, რუსეთმა იცის, რომ მას აქვს საკმარისი ბერკეტები სამხედრო, ეკონომიკური თუ უსაფრთხოების სტრუქტურების კუთხით სომხეთის შემთხვევაში და მეორე მხრივ, მოსკოვი უკრაინის მოვლენების შემდეგ უფრთხილდება მოსახლეობაში ანტი-რუსული სენტიმენტების გაღვივებას, - ამბობენ მიმომხილველები ვაშინგტონში.

ერევანს მეზობლებთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან დაძაბული ურთიერთობების გათვალისწინებით, უსაფრთხოების გარანტად მოსკოვი მიაჩნია. ის მასპინძლობს რუსულ ბაზას გიუმრიში, ეკონომიკურ ინვესტიციებს და რესურსებს მოსკოვი და მასთან დაკავშირებული პირები აკონტროლებენ. რუსეთი თვლის, რომ სანამ სომხეთის უსაფრთხოება მის ხელშია, ხელისუფლება ერევანში არ გადადგამს ნაბიჯს, რომელიც მის ინტერესებს დააზიანებს.

სარგისიანის ორი ვადა პოლიტიკური მოულოდნელობებით და დემონსტრაციებით იყო სავსე. 2011 წელს ქუჩის ვაჭრობის აკრძალვას ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები მოჰყვა, რომელიც მალევე გახდა პოლიტიკური. შემდეგ გიუმრის ტრაგედიას საპროტესტო ტალღა ვიხილეთ, აქციები გამოიწვია ასევე რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის საკითმა, და მძევლების ინცინდენტმა. ჩამოთვლილი ბოლო წლების გამოსვლების მხოლოდ ნაწილია. კრემლმა ჩათვალა, რომ სარგისიანის გადადგომა მას ნაკლებ პრობლემას და უფრო სტაბილურ სომხეთს მოუტანდა.

საპროტესტო ტალღის არასწორ მხარეს დადგომა, მოსკოვისადმი სიმპათიას კიდევ უფრო შეასუსტებდა. გიუმრის ტრაგედიიდან მოყოლებული სომხეთში დადებითი განწყობები რუსეთისადმი მცირდება. მაშინ დემონსტრანტებმა რუსული სამხედრო ბაზის დახურვა მოითხოვეს. ამ მოსაზრებას იზიარებს რენდის კორპორაციის უფროსი მკლევარი, უილიამ კორტნი და ამბობს, რომ „ რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები სომხეთთან ურთიერთებისას, რადგან ამან შეიძლება ფაშინიანი დასავლეთისკენ შეაბრუნოს, რაც საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში ვნახეთ".

უკრაინაში, რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებს, პრო-რუსული სენტიმენტების მკვეთრი კლება მოჰყვა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მონაცემებით. მაიდანის რევოლუციამდე უკრაინელების 88%-ი რუსეთის მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი, ეს მაჩვენებელი 2015 წელს 30%-ზე დავიდა.

რუსეთმა მიიღო გაკვეთილი და არ სურს სომხეთში იგივე შეცდომის დაშვება, - ამბობს კურტ ვოლკერი. „სომხეთში ვნახეთ, რომ თუ ცვლილებები გარდაუვალია, მოსკოვს სურს თავიდან აირიდოს ადგილობრივი მოსახლეობის გაბრაზება და გარიყვა რასაც მისთვის გრძელვადიანი შედეგები ექნება. უკრაინის შემთხვევაში მაიდანი გრძელვადიანი საპროტესტო ტალღა იყო იანუკოვიჩის წინააღმდეგ... მოსკოვმა მხარი დაუჭირა იანუკოვიჩს და უკრაინაშიც კი შეიჭრა ამის შემდეგ. შედეგად უფრო მყარი უკრაინული იდენტობა... და რუსეთისადმი მზარდი ანტიპათია მიიღო“, - თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის რევოლუციის შედეგად გეოპოლიტიკური კურსის დრამატული ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია, თუ ნიკოლ ფაშინიანი მოახერხებს, დაპირებული ცვლილებების განხორციელებას ანტიკორუფციის, ინსტიტუტების დემოკრატიზაციის და ეკონომიკური ლიბერალიზაციის კუთხით, ეს პუტინის „სუვერენული დემოკრატიის“ იდეის საწინააღმდეგოდ სვლა და დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ფაშინიანის რეფორმების გეგმის წარმატება, სომხეთში რუსეთის პოზიციებს შეასუსტებს, რადგან დასავლეთის იდეა პირველ რიგში დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებაა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG