ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამერიკელ დიპლომატთა ნაწილს ქვეყნის დატოვებას თხოვს


აშშ-ის საელჩო მოსკოვში, 2017 წელი.

რუსეთი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების საელჩოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მოსკოვში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან, 31 იანვრამდე ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ოფიციალური მოსკოვი ამბობს, რომ ეს არის პასუხი შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე, შეზღუდოს რუსი დიპლომატების სამუშაო ვადები.

გასულ კვირას, შეერთებულ შტატებში რუსეთის ელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებიდან, ოჯახებთან ერთად, 27 რუსი დიპლომატი გააძევეს და ისინი შტატებს 30 იანვარს დატოვებენ.

„ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი პასუხის გაცემას. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა, რომლებიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოსკოვში იმყოფებოდნენ, რუსეთი 31 იანვრამდე უნდა დატოვონ“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.

სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზახაროვა ამბობს, რომ იმ რუს დიპლომატებს, რომლებმაც შეერთებული შტატები იძულებით დატოვეს, აშშ-ში დიპლომატად მუშაობა სამი წლით აეკრძალათ.

„თუ მომავალი წლის პირველ ივლისამდე, ვაშინგტონი უარს არ იტყვის სამწლიან წესზე და კომპრომისზე არ წავა, უფრო მეტი ამერიკელი თანამშრომელი დატოვებს რუსეთს - სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული რუსი თანამშრომლების რაოდენობის შესაბამისად“ - აცხადებს ზახაროვა.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ვლადივოსტოკსა და ეკატერინბურგში საკონსულოები დაიხურა, რუსეთის ფედერაციაში საელჩო აშშ-ის ბოლო ოპერატიული მისიაა. მისი თანამშრომლების რაოდენობა კი, 2017 წლის დასაწყისში, 1200-დან, 120-მდე შემცირდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი აცხადებს, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ შეუძლია დაწყებული პროცესი, გადაწყვეტილების შეცვლით შეაჩეროს.

ვაშიონგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები, ცივი ომის შემდეგ, წლების განმავლობაში დაბალ დონეზე იყო. ახლა ეს ურთიერთობები ზეწოლას განიცდის უკრაინის საზღვარზე, რუსული ჯარების მობილიზების გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG