ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ღია ცის ხელშეკრულება“ – რითაც რუსეთი ცდილობს საქართველო „საერთაშორისო საფრთხობელად“ აქციოს


რუსეთი კვლავ ახერხებს საქართველო „დამნაშავედ“ და „ხელშემშლელ ფაქტორად“ წარმოაჩინოს საერთაშორისო სივრცეში. ამ შემთხვევაში, საკითხი ეგრეთ წოდებული, ღია ცის შესახებ ხელშეკრულებას ეხება. ის 1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს და ითვალისწინებს სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი. მათ შორისაა საქართველო, მისი მეზობელბიდან კი რუსეთის ფედერაცია და თურქეთი. ხელშეკრულება ძალაში 2002 წელს შევიდა და მას წევრი ქვეყნები ერთმანეთის ნებართვით, ლეგალურად ახორციელებენ, ეგრეთ წოდებულ, საკონტოლო ფრენებს ხელმომწერი ქვეყნების ტერიტორიებზე. ფრენები მიზნად ისახავს დაკვირვებას არსებულ მდგომარეობაზე ეჭვების გაფანტვის მოტივით.

შეთანხმება ღია ცის შესახებ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია შეიარაღებაზე კონტროლისა და ვენის დოკუმენტთან ერთად, რაც უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით არსებობს. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო და რუსეთი პერიოდულად ახორციელებდნენ ფრენებს ერთმანეთის, ისევე როგორც სხვა ხელშემკვრელი ქვეყნების ტერიტორიებზე დაზვერვის მიზნით. საქართველომ ბოლო ასეთი, სადაზვერვო გაფრენა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ცნობილია, რომ სწორედ 2008 წლის ომამდე, ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში განახორციელა ამერიკელ კოლეგებთან ერთად.

პრობლემა ის გახლავთ, რომ ამჟამად, 2018 წელს დაგეგმილი ფრენები ხელშეკრულების წევრ 34–ვე სახელმწიფოში დაბლოკილია და რუსეთი ამ დაბლოკვაში საქართველოს ადანაშაულებს. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებით, „საქართველო ხელს უშლის წევრებს სადაზვერვო ფრენების განხორციელებას სხვადასხვა ქვეყანაში“.

შეთანხმება ღია ცის შესახებ არაწევრი ქვეყნების ტერიტორიებზე ფრენებს კრძალავს. აგვისტოს ომიდან და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებიდან ორი წლის შემდეგ, 2010 წელს, რუსეთის ფედერაციამ ხელშემკვრელ ქვეყნებს მოსთხოვა სადაზვერვო ფრენების შეწყვეტა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით და ეს ახსნა ღია ცის შესახებ შეთანხმების მეექვსე პუნქტის მეორე ქვეპუნქტით, რომლის თანახმად, ქვეყნებს არ აქვთ ფრენების განხორციელების უფლება ხელშეკრულების არაწევრი ქვეყნის საჰაერო სივრცეში (ამ შემთხვევაში, აქ იგულისხმება დე ფაქტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რუსეთის ფედერაციის განცხადების თანახმად).

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარი მარიამ გრიგალაშვილი სწორედ ღია ცის საკითხს სწავლობდა და მის შესახებ კვლევაც გააკეთა. ამერიკის ხმასთან ის ამბობს: „2010 წლამდე ხელშეკრულება სრულდებოდა ქართულ–რუსული დაპირისპირების გარეშე. 2010 წელს, ორი წლის შემდგომ, რაც რუსეთს უკვე აღიარებული ჰქონდა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მან განაცხადა, რომ ხელშეკრულება ირღვევა, რადგან ქვეყნები იყენებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საჰაერო სივრცეს ისე, თითქოს ისინი ხელშეკრულების ხელმომწერები იყვნენ. ხელშეკრულება კი ითვალისწინებდა იმას, რომ არაწევრი სახელმწიფოს საზღვართან მიახლოვებამდე 10 კილომეტრიანი დისტანცია უნდა ყოფილიყო დაცული. რუსეთი ხელშეკრულების ყველა წევრი ქვეყნისგან ითხოვდა შემდეგს: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ასრულებდა სადაზვერვო ფრენას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, არ უნდა მიახლოვებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარს (რუსეთის მხრიდან) 10 კილომეტრზე ახლოს. საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს მოუწონა გადაწყვეტილება ცალმხრივად აღარ მიეღო რუსეთის ფრენები და ასევე აღარც თავად განეხორციელებინა დაზვერვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.“

საქართველომ 2012 წლიდან უარი თქვა მიეღო რუსეთის ფრენები და მას შემდგომ აღარც თავად გამოუთქვამს სურვილი განეხორციელებინა ფრენა ფედერაციის ტერიტორიაზე. 2016 წელს კი უკვე ახალი პრობლემა გაჩნდა. რუსეთის ფედერაციამ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უარს ამბობდა მისგან ფრენების მიღებაზე, გრაფიკში ეს მაინც შეიყვანა. დოკუმენტი ისევე ჩავარდებოდა, როგორც ეს ამჟამადაა ჩავარდნილი, მას რომ საკითხი უკან არ გაეთხოვა.

მანევრი იგივე საკითხის აღმასრულებელი საბჭოს წინაშე დაყენების საშუალებით, რუსეთის ფედერაციამ მეორედ 2017 წელს გაიმეორა. საქართველომ, ცხადია, გააპროტესტა არაღიარებული რესპუბლიკების ჩართვის ფაქტორი, რომელსაც ასევე არაღიარებულად მიიჩნევენ სხვა ხელშემკვრელი ქვეყნები, თუმცა პრობლემა გაღრმავდა. გარდა ამისა, წევრმა ქვეყნებმა ნებით თუ უნებლიედ, რუსეთის ეს მოთხოვნა რომ შეასრულეს- იმით დგინდება (ან შეიძლება დადგინდეს), რომ საბჭოში არ დაფიქსირებულა რუსული მხარის მიერ რომელიმე ქვეყნის მიმართ გამოთქმული პრეტენზია მისი განაცხადის გაუთვალისწინებლობის შესახებ.

ღია ცის ხელშეკრულების საკითხი საკმაოდ დახურული და გაუხმაურებელი თემაა. რუსეთი თავისი დაჟინებული ქმედებით, ფაქტობრივად, ცდილობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ლეგიტიმაციის საკითხის პედალირებას საერთაშორისო სივრცეში. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის ხმას წერილობით განუცხადეს: „2010 წლის მაისში რუსეთმა, ღია ცის ხელშეკრულების ცალკეული მუხლების არასწორი ინტერპრეტირებით, თვითნებურად დააწესა შეზღუდვა, რითაც შეეცადა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციის ერთგვარ ლეგიტიმაციას. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება მრავალჯერ იქნა დაგმობილი საქართველოსა და ხელშეკრულების წევრი სხვა ქვეყნების მხრიდან. ამ წლების მანძილზე, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების მიერ არაერთხელ დაფიქსირდა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რადიუსში, სადამკვირვებლო გადაფრენის მოთხოვნა. წევრები ქვეყნები აკრიტიკებდნენ რუსეთს შემოღებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით და მოუწოდებდნენ დაბრუნდებოდა ხელშეკრულების უპირობო და სრულ შესრულებას. რუსეთის უკანონო გადაწყვეტილების საპასუხოდ, ქართულმა მხარემ შეაჩერა ხელშეკრულების მოქმედება რუსეთთან მიმართებაში (2012წ). რუსეთის პროვოკაციული პოზიციის გამო, ვერ ხერხდება გადაწყვეტილების მიღება 2018 წლის სადამკვირვებლო ფრენებთან დაკავშირებით და შესაბამისად, ამ დრომდე შეჩერებულია ხელშეკრულების იმპლემენტაცია. მიუხედავად რუსეთის მხარის მიერ სადამკვირვებლო ფრენის მოთხოვნისა, საქართველო არ დაუშვებს რუსეთის ფედერაციის ფრენის მიღებას თავის ტერიტორიაზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი დღემდე იყენებს ღია ცის ხელშეკრულებას უკანონო პოლიტიკური მიზნებისთვის.“

მარიამ გრიგალაშილი ამბობს: „დოკუმენტი აღმასრულებელ საბჭოში მიიღება მთლიანი სახით და მასში წინასწარაა გაწერილი ყველა, 34–ვე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ფრენების გრაფიკი, რაზეც ყველა წევრი თანხმდება. რუსეთმა 2016 წელს მოითხოვა საქართველოზე ფრენების განხორციელების უფლება (რაზეც საქართველო უარს ამბობს 2010 წლიდან), თუმცა მოგვიანებით, ეს მოთხოვნა თავადვე გაითხოვა უკან. აი, უკვე 2017 წლის ბოლოს, როდესაც მან იგივე გააკეთა – მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე ფრენის უფლება და ეს ჩაწერა საკუთარ გრაფიკში, პრობლემა დიდ თავსატეხად იქცა. საქართველო არაა თანახმა მიიღოს რუსეთს ფრენა მის ტერიტორიაზე, შესაბამისად, ამას ეწირება მთლიანი დოკუმენტი, რაც 2018 წლების ფრენების გეგმას ასახავს და გამოდის, რომ ის ჩავარდნილია. არც ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეიძლება ფრენის შესრულება სრული კონსენსუსის გარეშე და ასეცაა, 2018 წელს, სადაზვერვო ფრენა არც ერთ სახელმწიფოს არ განუხორციელებია.“

საქართველო არ დაუჭერს მხარს ისეთ დოკუმენტს, რომელშიც წერია, რომ რუსეთი განახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე სადაზვერვო ფრენებს. „კომერსანტი“, „რია ნოვოსტი“, ზოგადად, რუსული მედია ამ საკითხს ყურადღებით ეკიდება. რუსეთი საერთაშორისო სივრცეში ღიად ადანაშაულებს საქართველოს ფრენების ჩავარდნაში და აცხადებს, რომ საქართველო, ესაა ურჩი სახელმწიფო, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს სწირავს მთლიან დოკუმენტს. ამ რიტორიკაში საერთოდ ჩაკარგულია რუსეთის პროვოკაციული როლი. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში“ მიიჩნევენ, ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების მოთხოვნის უკან გაწვევა და აღმასრულებელ საბჭოში დოკუმენტისთვის ხელახლა კენჭისყრა იქნებოდა ისევე, როგორც ეს 2016 წელს მოხდა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG