ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაატა ზაქარეიშვილი: „გრძელდება ქვეყნის ოკუპაცია“


რუსი მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ძველი რუკებით სარგებლობენ

შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში რუსი მესაზღვრეების აქტიურობა გრძელდება. გუშინ სოფელ დიცში მათ რკინის ბოძები ადმინისტრაციულ საზღვართან ჯერ დაამონტაჟეს, მოგვიანებით კი თვითონვე აჭრეს და წაიღეს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ რუსი მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ძველი რუკებით სარგებლობენ, თუმცა მათთვის უპასუხოდ რჩება კითხვები, ამ შემთხვევაში რატომ ექცევა საზღვრის მიღმა მათი კუთვნილი საძოვრები, ბაღები და სასაფლაოს ტერიტორია. ადგილობრივი მოსახლეობისთვის რთულია ყოველდღიურად ხედავდეს საკუთარი ეზოს მიღმა რუსი მესაზღვრეების არაპროგნოზირებად საქმიანობას. ადგილობრივები აცხადებენ:
რეინტეგრაციის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ადგილობრივების მიგრაციის შესაჩერებლად. დამონტაჟდა სამი ჭაბურღილი, რითაც სარწყავი წყალი მიეწოდა რამდენიმე სოფელს. რაც შეეხება ოკუპაციას, მისივე განცხადებით, ეს პროცესი გრძელდება.
გუშინ პრემიერ მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან მართავს შეხვედრას, გამოთქვა ეჭვი, რომ შიდა ქართლში ვითარება ხელოვნურად იძაბება მათი შეხვედრის წინ. შეხვედრის დაწყებამდე დღეს აბაშიძემ განაცხადა, რომ 2008 წელთან შედარებით, ძალადობის საფრთხე შემცირებულია.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრების დადებით დინამიკას ადგილობრივად ვითარების დაძაბვა ხელს უშლის. მიუხედავად იმისა, რომ მათი მოლაპარაკებების ფორმატი მკაცრ ჩარჩოშია მოქცეული და არ სცილდება ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ საკითხებს, შეხვედრებისას მიმდინარე მოვლენებზე საუბარს მაინც გარკვეული ადგილი ეთმობა.
ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამიანობას ეხება, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ჟერარდ ფიშერი ამბობს: „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 2009 წლიდან იმართება. ესაა შესაძლებლობების ფარჯარა მისიისთვის, რათა ხაზი გაესვას, თუ როგორ აისახება კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელთაც ეზღუდებათ სასოფლი მიწებზე და სარწყავ არხებზე წვდომა. გადაადგილების თავისუფლება, ხშირია ასევე დაკავებები. მისია ცდილობს ადგილობრივად მოაგვაროს პრობლემები მოსახლეობისთვის და აღკვეთოს ახალი გამყოფი ხაზების გავლება“,- ამბობს ფიშერი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებს შიდა ქართლში და პერევში.

XS
SM
MD
LG