საერთაშორისო სავალუტო ფონდი თვლის, რომ რუსეთმა, მსოფლიოს უდიდესმა ნავთობმწარმოებელმა, ქვეყნის დამოკიდებულება ნავთობიდან მიღებულ მოგებაზე უნდა შეამციროს და ეკონომიკის სტაბილურობისთვის დარგის დივერსიფიკაცია მოახდინოს.
ფონდის მმართველმა დირექტორმა, ქრისტინ ლაგარდმა გუშინ მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ფისკალური რეფორმების მიუხედავად რუსეთის ეკონომიკა ჯერ ისევ არასტაბილური და მგრძნობიარეა. ქვეყნის დეფიციტი, თუ არ ჩავთვლით ნავთობმრეწველობიდან მიღებულ მოგებებს, სამჯერ გაიზარდა.
ქალბატონმა ლაგარდმა ასევე ისაუბრა რუსეთში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების საკითხზე, რომელსაც უფრო სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები ესაჭიროება. მან ხაზი გაუსვა იმ საშიშროებას, რომელიც ევროპის ფინანსური კრიზისის გამო მთელი მსოფლიოს ეკონომიკას ემუქრება.