ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოპარული დღესასწაული კონფლიქტის ზონაში


"რადიო თავისუფლების" ფოტო
"რადიო თავისუფლების" ფოტო

რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს ადამიანებისთვის ცხოვრება გაუსაძლისად აქციოს იმ ტერიტორიებზე, სადაც ის „მშვიდობის დამყარების“ ეგრეთ წოდებულ ოპერაციას ატარებს. შიდა ქართლში იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც ამჟამად ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვარი გადის, მოსახლეობა არაადამიანურ პირობებთან ადაპტირებას ცდილობს. მათ, უბრალოდ, წასასვლელი არსად აქვთ, ეს მათი სამშობლოა.

სოფელი ფლავი გორის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. 2008 წლის შემდგომ ის ერთ–ერთ სახიფათო ადგილად იქცა. ფლავის საჯარო სკოლა, არა მხოლოდ გარეგნულადაა შიშისმომგვრელი. ის ზუსტად იმ ადგილასაა განთავსებული, სადაც ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვარი გადის. მოსწავლეებისთვის სკოლის ფანჯრებიდან ხედი ქართულ საგუშაგოსა და იმ სასაფლაოზე იშლება, რომელიც ადრე მათი წინაპრების განსასვენებელი იყო, ახლა კი აკრძალული ზონაა. ფლავის სასაფლაოს ნაწილი ამჟამად ოკუპირებულია. ადგილობრივებს ახლობელთა დაკრძალვის შეთანხმება პოლიციასთან უწევთ, რათა მათ უსაფრთხოების სპეციალურ ზომებს მიმართონ.

ქართული პოლიციის საგუშაგო უნდა გაიაროთ ფლავში, სასაფლაოზე რომ მიხვიდეთ, მანამდე გზად კი სკოლის შენობაა. მირიან გუგუტიშვილი, ფლავის მკვიდრი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ახლა, აღდგომას რომ მოვინდომოთ წასვლა, ალბათ გაგვიშვებენ, ხმას ვერ გაგვცემენ, მაგრამ სხვა დღეებში შეუძლებელია. თუმცა ხალხს ეშინია, არავინ ცდილობს გადავიდეს, რადგან იქით ბანერებია. საქონელს თუ წაიყვანენ საძოვრად მანდეთ, აკავებენ, განსაკუთრებით ზაფხულში და შემდეგ ცხინვალის ციხეში მიჰყავთ, ან არცევში.“

ერგნეთში ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვართან ლია ჩლაჩიძე გვმასპინძლობს და იმ ადგილისკენ მივყავართ, სადაც თავის სააღდგომო რიტუალს ასრულებს ხოლმე. აღდგომას მას წითლად შეღებილი კვერცხები და სააღდგომო პასკა მავთულებით შემოსაზღვრულ მიწის ნაკვეთზე მიაქვს, რომელიც მისი სახლის უკანაა და ღობის იქით აცურებს. სანთელსაც აქ ანთებს იმ ადამიანების სულების მოსახსენებლად, ვის საფლავებზე გასვლაც ამჟამად შეუძლებელია. ამ ადგილიდან ათიოდე მეტრში მისი მეზობლების მიერ დამუშავებული მიწის ნაკვეთებია.

მყუდროების დაურღვევლობას აქ რუსების მიერ დამონტაჟებული ვიდეოკამერები აკონტროლებს: „აი აქედან, ღობეებიდან ათიოდე მეტრშია ჩვენი სახნავ–სათესი მიწებია. სახიფათო, რა თქმა უნდა, არის აქ მუშაობა, ნებისმიერ დროს თვალს გვადევნებენ, მათი კამერები თავზე დაგვყურებს. ვინ გაბედავს ახლა ამ მავთულხლართებზე გადასვლას, ყველამ იცის, რომ შემდეგ დააკავებენ. ისე, ამ ტერიტორიიდან ხალხს არ იტაცებენ, რომ გადმოვიდნენ თვითონ და წაიყვანონ, ასეთი რამ არ ხდება, თითქოს რაღაც დაუწერელი კანონია“,– გვეუბნება ლია ჩლაჩიძე იმ ადგილზე მინიშნებით, რომლის გვერდში ერგნეთის ინციდენტების პრევენციის შეხვედრები იმართება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვიდან აღდგომის წინა დღეს ორი ადამიანი დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა. ისინი ადგილობრივი მოსახლისთვის პროდუქტების მიწოდებას ცდილობდნენ დღესასწაულისთვის. აძვიდან კარგად მოჩანს არცევის სამხედრო ბაზა, თუმცა ტერიტორია აქ მავთულხლართებით შემოსაზღვრული არაა, ბანერებს კი იმის აღნიშვნით, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი აქ გადის, ნახავთ. რამდენიმე დღის წინ აძვიდან გატაცებული ელდარ გუნდიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ერთ დღეში გამათავისუფლეს. ეტყობა, იმიტომ, რომ აღდგომა დღე იყო და ისინიც ქრისტიანები არიან, რა ვიცი აბა. იქითაც არის კარგი ხალხი და აქეთაც. რაც ღმერთს უნდა, მაინც ის იქნება, მე არ მეშინია აქ ცხოვრება. უკვე სამჯერ დამიჭირეს. რა ვქნა? თუ დამჭირდა, კიდევ გადასვლა, გადავალ“,– ამბობს ჩვენთან საუბრისას ელდარ გუნდიშვილი და ხელით ბანერებს მიღმა დარჩენილი ორი ეკლესიისკენ მიგვანიშნებს:

„ერთ მხარეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა, მეორე მხარეს წმინდა გიორგის. ბებიაჩემი ორივე ეკლესიისთვის ამზადებდა წინასწარ შესაწირს. წიწილებს ფეხზე ნიშანს ადებდა, თუ გადარჩებოდნენ და გაიზრდებოდნენ, დედალს ღვისმშობლის ეკლესიას შესწირავდა, მამალს – წმინდა გიორგის ეკლესიას. არ შემიძლია,უარი ვთქვა ამ ტრადიციაზე და ამ ეკლესიებში წასვლაზე, ვინც უნდა დამიშალოს. ეს ჩემი მამა–პაპის სალოცავია.“

რუსეთი ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევს ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ – ეს მისგან მოხვედრილი მუშტია, დღევანდელი ნამცხვარი, რასაც ის საქართველოს უმზადებს რუსული მაუწყებლობების გაფართოებაა. ამ საკითხზე პასუხი კომუნიკაციების კომისიას ჯერ არ გაუცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG