ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დისიდენტების ახალი ტალღა


პუტინის დაბრუნების შემდეგ ამ ქვეყნაში კონსერვატორული განწყობები კიდევ უფრო გაძლიერდა

რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დაბრუნების შემდეგ ამ ქვეყნაში კონსერვატორული განწყობები კიდევ უფრო გაძლიერდა. როგორც ამერიკის ხმის მოსკოველი კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი ამბობს რუსეთში შესაძლოა დისიდენტების ახალი ტალღა გაჩნდეს.
შარშან მაისში მოსკოვში ვლადიმირ პუტინის ინაგურაციის დღეს დიდი საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა. ამ გამოსვლის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლეონიდ რაზვოზჟაევის წინააღმდეგ სასამართლოში საქმეა აღძრული.
რაზვოზჟაევმა რუსი დისიდენტებისთვის უჩვეულო ხერხი იხმარა და უკრაინაში გაქცევით უშველა თავს, სადაც ლტოლვილის სტატუსი მოითხოვა. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ის კიევის კაფეში საუზმობის შემდეგ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც რუსი აქტივისტი ციხიდან მოსკოვის სასამართლოში გადაიყვანეს, მან მოასწრო ჟურნალისტებისთვის ეთქვა, რომ გატაცების შემდეგ ორი დღის განმავლობაში აწამებდნენ.
მისი თქმით, ის რუსეთის უშიშროების სამსახურის აგენტებმა მოიტაცეს უკრაინიდან. როგორც უკრაინელი ადამიანის უფლებათა დამცავი მაქსიმ ბუტკევიჩი აცხადებს:“ ეს მკაფიო გზავნილი იყო იმ ადამიანებისთვის ვისაც უკრაინაში თავშესაფრის მიღების იმედი ჰქონდა და მე ვშიშობ, რომ თავშესაფრის მიღება უკრაინაში მართლაც შეუძლებელია.“
მოსკოვში იულია რაზვოზჟაევა თავისი მეუღლის ბედით არის შეშფოთებული, რომელიც ციმბირში ირკუტსკის ციხეში იხდის სასჯელს. მისი თქმით, ირკუტსკის საპატიმრო თავისი სისასტიკით არის ცნობილი.
გასულ თვეს როტერდამის აეროპორტში რუსეთში საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა ალექსანდრ დოლმატოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, როდესაც ჰოლანდიის ხელისუფლებამ უარყო მისი თხოვნა თავშესაფრის მინიჭების თაობაზე. როგორც დაღუპულის დედა აცხადებს რუსეთის უშიშროების სამსახურის აგენტები მას სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.
რუსი აქტივისტი ანასტასია რიბაჩენკო ამერიკის ხმას ესტონეთიდან სკაიპით ელაპარაკა, სადაც ის შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს თავს. მისი თქმით, ესტონეთი ევროკავშირის წევრია და მისი გატაცება ამ ქვეყნიდან დიდ სკანდალს გამოიწვევდა. აქვე აფარებს თავს კიდევ ერთი ოპოზიციონერი სურენ გაზარიანი, რომელიც ამბობს, რომ პუტინის სისტემის არსებობის შემთხვევაში მას გაუჭირდება რუსეთში დაბრუნება.
XS
SM
MD
LG