ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უარყოფს „ტერიტორიული პრეტენზიების“ ქონას, თუმცა ეს რაზე მეტყველებს?


საქართველო - ქართველი დევნილი რუსულ ტანკებთან სოფელ იგოეთში, თბილისიდან 50 კილომეტრის (31 მილის) დაშორებით, 2008 წლის აგვისტო.
საქართველო - ქართველი დევნილი რუსულ ტანკებთან სოფელ იგოეთში, თბილისიდან 50 კილომეტრის (31 მილის) დაშორებით, 2008 წლის აგვისტო.

22 ივნისს, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა: „რუსეთს არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არა აქვს მისი მეზობლების მიმართ“. ეს კომენტარი მან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ განცხადებას ეხებოდა, რომელიც პუტინმა გააკეთა ინტერვიუში დოკუმენტური ფილმისთვის „რუსეთი. კრემლი. პუტინი“. ეს ფილმი 21 ივნისს სახელმწიფო ტელევიზიით „როსია-1“ გადაიცა.

ამ დოკუმენტურ ფილმში პუტინმა თქვა, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ზოგიერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ წაიღო „ტრადიციულად რუსეთის ისტორიული მიწები“, რომლებიც მათ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს მიიღეს. ეს სახელმწიფოები უნდა „გასულიყვნენ რითიც მოვიდნენ და თან არ წაეღოთ საჩუქრები რუსეთი ხალხისგან“, თქვა პუტინმა.

ლატვია - საბჭოთა შეიარაღებული ძალები რიგაში შედიან, ოკუპაციის დასაწყისი.
ლატვია - საბჭოთა შეიარაღებული ძალები რიგაში შედიან, ოკუპაციის დასაწყისი.

პუტინმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს, მის ფუძემდებლურ დოკუმენტებში გაწერილი იყო გასვლის უფლება, მაგრამ არ იყო გაწერილი გასვლის პროცედურა.

„პუტინი საუბრობდა წინანდელ სისტემურ შეცდომებზე კონსტიტუციაში, რომელიც არ ითვალისწინებდა მთელ რიგ სიტუაციებს, მოვლენების განვითარებას, რომლებსაც ჩვენი სახელმწიფოსთვის უარყოფითი შედეგების მოტანა შეეძლო“, თქვა პესკოვმა. მან თავი შეიკავა პუტინის მიერ სიტყვა „საჩუქრების“ კომენტირებისგან და თქვა:

„არა, რუსეთს არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არა აქვს მისი მეზობლების მიმართ“.

ეს შეცდომაში შემყვანი კომენტარია. „პრეტენზიებს“ დაარქმევთ, თუ სხვა რამეს, ფაქტია, რომ რუსეთი მისი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებში ერევა.

საზღვრების შეცვლა

დავიწყოთ საბჭოთა ისტორიის ზოგიერთი მონაკვეთის და საერთაშორისო კანონის გახსენებით.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იმ ტერიტორიების ფარგლებში აღმოცენდნენ, რომლებიც მათ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ჰქონდათ, Uti possidetis juris პრინციპის შესაბამისად, რაც ლათინურიდან ითარგმნება „როგორც შენ ფლობ კანონის თანახმად“. Uti possidetis juris პრინციპი მრავალ რეგიონში იქნა გამოყენებული, როგორებიცაა სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, იუგოსლავია და საბჭოთა კავშირი.

დაახლოებით 70-წლიანი არსებობის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის საზღვრები ბევრჯერ შეიცვალა. მაგალითად, 1930-იან და 1940-იან წლებში ისინი გაფართოვდა ბალტიის ქვეყნების, ბესარაბიის, აღმოსავლეთ გალიციის და კარელიის ანექსირების შედეგად. მისი შიდა საზღვრები არაერთხელ გადაკეთდა ავტონომიური რესპუბლიკების შექმნისა თუ გაუქმების გზით. 1931 წელს აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკა გახდა საქართველოში, 1936 წელს ყარაყალპაყიის ავტონომიური რესპუბლიკა უზბეკეთის შემადგენლობაში შევიდა. 1954 წელს ყირიმი რუსეთიდან უკრაინას გადაეცა.

უკრაინა - უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის სსრკ-ის საფოსტო მარკის გამოშვებით აღინიშნა.
უკრაინა - უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის სსრკ-ის საფოსტო მარკის გამოშვებით აღინიშნა.

1940-იან წლებში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ასსრ) ჯერ სტავროპოლის მხარეს, დაღესტნის ასსრ-ს, ჩრდილო ოსეთის ასსრ-სა და საქართველოს სსრ-ს შორის განაწილდა, შემდეგ კი, 1957 წელს, ისევ აღდგა. ბოლოს, 1991 წლის მაისში, ის ჩეჩნეთ-ინგუშეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა და მერე ორად გაიყო - ჩეჩნეთის რესპუბლიკად და ინგუშეთის რესპუბლიკად.

15 საბჭოთა რესპუბლიკა, როგორც ისინი იყო განსაზღვრული საბჭოთა კავშირის შექმნის 1922 წლის დეკემბრის ხელშეკრულებაში, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მათსავე არსებულ საზღვრებში წარმოიშვნენ და ეს საზღვრები საერთაშორისო საზღვრებად იქცა.

ყირიმი

დოკუმენტურ ფილმში პუტინი არ ასახელებს, რომელმა ყოფილმა რესპუბლიკამ წაიღო „საჩუქრები“. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ყირიმს გულისხმობდა. დროთა განმავლობაში ამ ნახევარკუნძულს მრავალი იდენტობა ჰქონდა.

1783 წელს რუსეთის იმპერიამ ოსმალეთის იმპერიაში მყოფი ყირიმი დაიპყრო. საბჭოთა კავშირის დროს ყირიმი ავტონომიური რესპუბლიკა გახდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1954 წელს ეს ნახევარკუნძული უკრაინის სსრ-ს გადაეცა.

რუსეთი - ყირიმელმა პოლიტიკურმა პატიმრებმა დეპორტაციის წლისთავზე აქცია მოაწყვეს სასამართლო დარბაზში. დონის როსტოვი, 2020 წლის 18 მაისი.
რუსეთი - ყირიმელმა პოლიტიკურმა პატიმრებმა დეპორტაციის წლისთავზე აქცია მოაწყვეს სასამართლო დარბაზში. დონის როსტოვი, 2020 წლის 18 მაისი.

2014 წლის თებერვალსა და მარტში რუსეთმა ყირიმი დაიპყრო. ამ ანექსიას წინ ჰიბრიდული ომი უძღოდა ნიღბიანი რუსი ჯარისკაცების, ეგრეთ წოდებული „პატარა მწვანე კაცების“ მონაწილეობით, რომლებიც ადგილობრივ რადიკალებს უჭერდნენ მხარს. 2014 წლის 16 მარტს რუსეთმა რეფერენდუმი ჩაატარა ყირიმის და სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე. რეფერენდუმიდან 2 დღის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

მას შემდეგ, უკრაინის ეს ანექსირებული ტერიტორიები იმართება, როგორც რუსეთის ფედერალური სუბიექტები - ყირიმის რესპუბლიკა და ქალაქი სევასტოპოლი. (გაერთიანებული ერების რეზოლუციამ, რომელსაც 100-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, დაგმო 2014 წლის ყირიმის ანექსია, ხოლო აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.)

საქართველო

რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დე ფაქტო ანექსია 2008 წლით თარიღდება. ამ ორ ავტონომიურ რესპუბლიკაში ომი 1990 წლებში მოხდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცხინვალსა და თბილისს შორის 1992 წელს, ხოლო სოხუმსა და თბილისს შორის 1994 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ. ეს ტერიტორიები საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩა, ხოლო ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლებები რუსეთის დაცვით სარგებლობდნენ და მისი გავლენის ქვეშ იყვნენ.

რუსეთი - ვლადიმირ პუტინი ხვდება საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთის რეგიონის ლიდერს ასლან ბჟანიას. 2020 წლის 24 ივნისი.
რუსეთი - ვლადიმირ პუტინი ხვდება საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთის რეგიონის ლიდერს ასლან ბჟანიას. 2020 წლის 24 ივნისი.

რუსეთის სამშვიდობო ძალები ამ რეგიონებში რუსი სამხედროების ოფიციალურად შემოსვლამდე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე რჩებოდნენ. ომი იმ წელს აგვისტოში დაიწყო, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესების შემდეგ. რუსეთმა ორივე ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო 2008 წლის 26 აგვისტოს ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.

ამჟამად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რეალურად რუსეთი აკონტროლებს და მათზე გავლენას აძლიერებს. 2014 წლის 24 ნოემბერს რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც აფხაზეთი თავის საგარეო, თავდაცვის, ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკებს რუსეთს უთანხმებს.

ამ შეთანხმებით ასევე შეიქმნა ერთობლივი რუსულ-აფხაზური სამხედრო ერთეული და „შინაგან საქმეთა სტრუქტურების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი“. საქართველომ ეს შეთანხმება დაგმო როგორც რუსეთის მიერ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირებისკენ გადადგმული ნაბიჯი“.

საქართველო - სამხრეთ ოსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღლუმს იმავე დღეს მართავს, რომელზეც რუსეთი. 2020 წლის 24 მაისი.
საქართველო - სამხრეთ ოსეთი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღლუმს იმავე დღეს მართავს, რომელზეც რუსეთი. 2020 წლის 24 მაისი.

2015 წლის მარტში ანალოგიური შეთანხმება გაფორმდა სამხრეთ ოსეთთან, რომელმაც საკუთარი საზღვრების, თავდაცვისა და ეკონომიკის კონტროლი რუსეთს გადააბარა. ამ შეთანხმებით ასევე შეიქმნა თავდაცვის და უსაფრთხოების ერთობლივი ზონა და გაერთიანდა სამხრეთ ოსეთის და რუსეთის საბაჟო ორგანოები. ეს ნაბიჯი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთი მიერ ოკუპაციის „ანექსირების დონეზე აყვანის“ მცდელობად შეაფასა.

„ეს ‘შეთანხმება’, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადაცემას რამდენიმე სფეროში, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,“ განაცხადა ევროკავშირის კოორდინატორმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

დონბასი და მეტი

აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში მიმდინარე სეპარატისტული კონფლიქტი რუსეთმა გააჩაღა, რომლის შედეგადაც ამ რეგიონის დონეცკის და ლუგანსკის დიდი ტერიტორიები უკრაინის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოეყო. 2014 წლის შემდეგ დაახლოებით 13,000 ადამიანი შეეწირა ამ კონფლიქტს. იმავე წელს მალაიზიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ MH-17“ რუსული წარმოების რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.

არც ერთი ეს სეპარატისტული ტერიტორია - ლუგანსი და დონეცკი უკრაინაში, დნესტრისპირეთი (მოლდოვაში, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არ უღიარებია საერთაშორისო თანამეგობრობას. ისინი არსებობას მხოლოდ რუსეთის დაცვითა და მხარდაჭერით ახერხებენ.

უკრაინა - უკრაინის ერთიანობისთვის დონბასის ომში დაღუპულთა მემორიალურ კედელთან. კიევი, 2019 წლის 24 აგვისტო.
უკრაინა - უკრაინის ერთიანობისთვის დონბასის ომში დაღუპულთა მემორიალურ კედელთან. კიევი, 2019 წლის 24 აგვისტო.

ეს სტატია პირველად გამოქვეყნდა "ამერიკის ხმის" პროექტ პოლიგრაფის ინგლისურ ვებ გვერზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG