ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ომის წინაპირობებად საჭირო მასალის ფაბრიკაციის გეგმას უარყოფს


უკრაინელი საზღვრის მცველი, ხარკოვის რეგიონი, უკრაინა, 2 თებერვალი, 2022
უკრაინელი საზღვრის მცველი, ხარკოვის რეგიონი, უკრაინა, 2 თებერვალი, 2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკული მხარის ბრალდებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ომის წინაპირობის შესაქმნელად ინსცენირებული უკრაინული თავდასხმის გეგმის არსებობა სიმართლეს არ შეესაბამება. "რია ნოვოსტის" ცნობით, რუსეთის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი გავრცელებულ ცნობებს "ნონსენსს" უწოდებს.

ამერიკის სადაზვერვო სამსახურები ირწმუნებიან, რომ რუსეთს შემუშავებული აქვს გეგმა, რომლის თანახმადაც უნდა შეიქმნას თითქოსდა ეთნიკურად რუსი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის და მისი ტრაგიკული შედეგების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა, ეს კი შემდეგ ქვეყანაში რუსი სამხედროების შეჭრის საბაბად უნდა გამოიყენონ. ამერიკის მთავრობის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ამის შესახებ ხუთშაბათს განუცხადეს.

რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, თუმცა უარყოფს ცნობებს იმის თაობაზე, რომ რაიმე ტიპის აგრესია ან ქვეყანაში კიდევ ერთი შეჭრა იგეგმება. ის ნატოსგან და ამერიკისგან ალიანსის გაფართოების შეწყვეტას და კიდევ სხვა ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, რომელთაც ის "უსაფრთხოების გარანტიებს" უწოდებს.

ამერიკული მხარე ამბობს, რომ რუსეთის გეგმის შესახებ ინფორმაცია უკრაინის და ევროპის ქვეყნების ლიდერებს გაუზიარეს. როგორც ამერიკული დაზვერვა იუწყება, ამ გეგმის თანახმად, უნდა შეიქმნას ვიდეოები, რომლებიც აჩვენებს ინსცენირებულ თავდასხმას რუსულენოვან მოსახლეობაზე, სავარაუდოდ აფეთქების შედეგებს, მსხვერპლს, იქვე კი უკრაინულ იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას. სავარაუდოდ იმ ტექნიკასაც, რომელიც უკრაინას დასავლელმა პარტნიორებმა მიაწოდეს.

ამ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისიც ადასტურებს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ ცნობების გასაჯაროების მოტივი ისაა, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გამოაშკარავდეს, მისი მასშტაბები ნათელი გახდეს და კრემლმა უარი თქვას ამ საშიში კამპანიის გაგრძელებაზე.

XS
SM
MD
LG