ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კირბი: რუსეთი დეესკალაციისკენ ნაბიჯს არ დგამს


ჯონ კირბი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი "ამერიკის ხმასთან" საუბრობს.
ჯონ კირბი, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი "ამერიკის ხმასთან" საუბრობს.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანი, ჯონ კირბი ამბობს, რომ რუსეთს, ამ დრომდე, დეესკალაციისთვის ნაბიჯი არ გადაუდგამს.

კირბიმ, მიმდინარე კრიზისის შესახებ, „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

„მათ არ გადაუდგამთ დეესკალაციისკენ ნაბიჯი. ჩვენ კვლავ ვხედავთ დამატებითი კომბინირებული შეიარაღების ნაკადს. საუბარია კომბინირებული შეიარაღების შესაძლებლობებზე. ეს არ არის მხოლოდ სახმელეთო ჯარები. ვგულისხმობ იმას, რომ მას აქვს საავიაციო მხარდაჭერა, მას აქვს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მხარდაჭერა, აქვს სპეციალური ოპერაციების მხარდაჭერა. რუსეთი ყოვედღიურად აგრძელებს თავისი შესაძლებლობების გაძლიერებას. ასე რომ, სამხედრო თვალსაზრისით, დეესკალაციის არანაირი ნიშანი არ არის“ - აცხადებს კირბი.

თუმცა, რაც შეეხება დიპლომატიურ ძალისხმევას, კირბი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მიუთითებს. „ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა გაცვალეს მოსაზრებები. სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ სწამს, დიალოგისთვის დრო და სივრცე ჯერ კიდევ არის. მაგრამ, სამხედრო თვალსაზრისით, კვლავ ვხედავთ შესაძლებლობების მატებას და ეს ღრმად შემაშფოთებელია“ - ამბობს კირბი, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი შეიარაღებული ძალები გაიგზავნება.

ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ჟურნალისტებს პენტაგონის სპიკერმა მიაწოდა, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში განთავსებული 2 000 სამხედრო მოსამსახურე პოლონეთსა და გერმანიაში მიმდინარე კვირაში გაემგზავრება. ამჟამად, გერმანიაში მყოფი 1000-მდე სამხედრო კი რუმინეთში გადაინაცვლებს.

პენტაგონის განცხადებით, 8 500-მდე ამერიკელი სამხედრო ასევე მზადაა იმისთვის, რომ თუკი საჭირო გახდება, ევროპაში პარტნიორების უსაფრთხოება დაიცვას. ამ დროისთვის, ევროპაში 75 000-იდან 80 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცია მუდმივი მისიით თუ რეგულარული როტაციებით, მაგალითად პოლონეთში.

XS
SM
MD
LG